„ბოდიშს ვიხდი. დღეს, ჩემს შესახებ ბევრი კომენტარი წავიკითხე. მინდა გითხრათ, რომ გულშემატკივრის გაღიზიანება სულაც არ მინდოდა. მე ყოველთვის „რეალში” თამაშზე ვოცნებოდი და მადრიდში გამარჯვებისთვის ჩამოვედი. მიმდინარე სეზონი ჯერ არ დამთავრებულა. ჩვენ ახლა ლა ლიგის ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ჰალა მადრიდ!”
ეს სიტყვები ბელგიელმა ვარსკვლავმა ედენ აზარმა თავის ინსტაგრამზე დაწერა. ბოდიშის მიზეზი კი ძნელი მისახვედრი არ არის: ლონდონში, „სტემფორდ ბრიჯზე”, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ჩელსისთან” 0:2 წაგებისა და შეჯიბრებიდან გავარდნის შემდეგ, აზარმა, იქვე, მოედანზე, ყველას დასანახად, თავის ყოფილ თანაგუნდელთან, კურტ ზუმასთან იხალისა, რამაც „რეალის” ქომაგები აღაშფოთა.
საინტერესოა ან, უფრო სწორედ ცოტა უცნაურია, რომ მრავალთა შორის, აზარის საქციელს მისი ჩელსისდროინდელი და ახლანდელი თანაგუნდელის, თანამემამულის, ტიბო კურტუას მამა ტიერი კურტუა გამოეხმაურა.
„ედენი ჭკვიანურად არ მოიქცა. სავარაუდოდ, ის საერთოდ არ დაფიქრებულა რას აკეთებდა, არადა, მისი ხარხარის კადრების ნახვა მადრიდელი გულშემატკივრისთვის მძიმე იყო. როდესაც ფეხბურთელი წაგებიდან ორ წუთში იცინის, ის არაპროფესიულად იქცევა”, — თქვა მან, თუმცა იქვე დასძინა, რომ აზარს ლა ლიგის დარჩენილ ოთხ თამაშში ჯერ კიდევ შეუძლია „რეალი” ჩემპიონი გახადოს.
„და მაშინ ყველას ყველაფერი დაავიწყდება. ყველა ყველაფერს აპატიებს. ედენს ამის შესახებ რამოსი ან ვინმე სხვა დაელაპარაკება”.