ევროლიგის ფინალში „ვილიარეალი” გავიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ „არსენალი” გავარდა ანუ ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, ევროლიგაშიც ინგლისური ფინალი ვერ შედგება — „მანჩესტერ იუნაიტედს” „ვილიარეალთან” მოუწევს საქმის დაჭერა.

კიდევ, „არსენალის” გავარდნა იმას ნიშნავს, რომ ამ კლუბმა 26 წლიანი უწყვეტი ევროისტორია დაასრულა. თუმცა, მაინც დავურთოთ სიტყვა სავარაუდოდ. სავარაუდოდ იმიტომ, რომ „მეთოფეები” პრემიერლიგის ცხრილში მე-9 ადგილზე არიან და მეექვსეზე მყოფ „ტოტენჰემს” 7 ქულით ჩამორჩებიან. ჩემპიონატის დამთავრებამდე კი 4 ტური დარჩა ანუ თეორიულად ჯერ მაინც ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

და ბარემ იმასაც მოგახსენებთ, რომ ჩრდილოლონდონელთა მწვრთნელის მიკელ არტეტას საქმე კარგად ვერ არის. როგორც ამბობენ, თავისი საყვარელი კლუბი შვედმა მილიარდერმა, მეწარმემ და ტექნოლოგმა, 38 წლის დანიელ ეკმაც რომ იყიდოს, არტეტას ისიც გაუშვებს.

ესპანური მედია კი ხარობს, „ვილიარეალმა” ჩვენი ქვეყნის ფეხბურთს სახე შეუნარჩუნაო, მაგრამ საიტებზე ეს ინფორმაცია სადღაც ჩაკარგულში უდევთ. ხვალ, ესპანეთში „ბარსელონა” „ატლეტიკოს” მასპინძლობს და ალბათ იმისთვის ემზადებიან.

მოკლედ, საქმე ასეა: ლონდონში, „არსენალმა” და „ვილიარეალმა” 0:0 ითამაშეს. ესპანეთში „ვილიარეალს” 2:1 ჰქონდა მოგებული და ფინალშიც ის გავიდა.

„მეთოფეებს” ინიციატივა და მეტოქეზე მეტი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ არგენტინელი მეკარის ხერონიმო რულის კარში გოლი ვერ შეაგდეს.

ამგვარად, უნაი ემერიმ, რომელსაც „სევილიას” თავკაცობის დროს ევროლიგა ზედიზედ სამჯერ აქვს მოგებული, ხოლო „არსენალის” მწვრთნელობისას ფინალშია ნამყოფი, კვლავ ფინალს უწია — ამჯერად „ვილიარეალთან” ერთად — და თან, ნახევარფინალში, სწორედ თავისი ყოფილი გუნდი გააგდო.