„სტემფორდ ბრიჯზე” „ჩელსიმ” „რეალს” 2:0 მოუგო და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან გამოთიშა, ედენ აზარი კი… ხალისობდა.

კადრს, რომელშიც აზარი მხიარულობს, ცხადია, მთელმა მსოფლიომ მიაქცია ყურადღება და ყველას ერთი და იგივე შთაბეჭდილება შეექმნა: ბელგიელი თავისი გუნდის გავარდნით დამწუხრებული არ ჩანდა. „ჩელსი”, მოგეხსენებათ, მისი ყოფილი გუნდია და აზარსაც, შესაბამისად, თავის ყოფილ თანაგუნდელებთან შეხვედრა უხაროდა.

საინტერესოა, რომ ესპანეთში, არა მარტო მადრიდულ, არამედ ბარსელონურ მედიაშიც კი ის დაიწერა, ნეტავ რა აცინებდა, ამასში 160 მილიონი ევროა გადახდილი და გუნდისთვის კაპიკის საქმე არ გაუკეთებიაო.

„ჩელსის” ყოფილ ვარსკვლავს მადრიდელი გულშემატკივრებისგან სავარაუდოდ დიდი ობსტრუქცია ელის.

თუ ძმაკაცებთან ხალისი უნდოდა, ჯობდა გასახდელების სიახლოვეს, სადმე ტრიბუნის ქვეშ, მოფარებულ ადგილას ეცინა.