ლევან ჩილაჩავა ამიერიდან „კასტრში“ ითამაშებს. საქართველოს ნაკრების მარჯვენა ბურჯმა „მონპელიეში“ თავის მესამე სეზონში მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა 6 ტოპ 14-ში და ერთიც ევროთასზე, ხოლო 20 თებერვალს აჟენში ტრავმა მიიღო და მას შემდეგ მონპელიელთა განაცხადში არ გამოჩენილა.
უკვე მაშინ გავრცელდა ხმები, რომ 29 წლის ქართველი ვარსკვლავი კარიერას „კასტრში“ გააგრძელებდა, სულ ახლახან კი ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
„კასტრმა“, „მონპელიემ“ და ჩილაჩავამ სამმხრივი მოლაპარაკებები გამართეს და იმაზე შეთანხმდნენ, რომ ბორჯღალოსანი (54 კეპი და 10 ლელო ღვინისფერი კვართით) კასტრში დაუყოვნებლივ გაემგზავრება, რათა თავის ახალ კლუბში ადაპტაცია მალე გაიაროს და 2024 წლამდე „კასტრ ოლიმპიკის“ ღირსება დაიცვას.
უნდა აღინიშნოს, რომ „მონპელიეში“ გატარებულ 3 სეზონში ლევან ჩილაჩავამ 31 მატჩი ჩაატარა და 4 ლელო მიითვალა, თუმცა ლევანის პირველი ფრანგული კლუბი „ტულონი“ მისთვის გაცილებით ნაყოფიერი იყო – „ტულონში“ მან ტოპ-14-იც მოიგო და ზედაც 3-ჯერ – ჩემპიონთა თასიც! ახლა „კასტრის“ დრო დადგა და იმედია ტრავმები ჩილაჩავას ხელს არ შეუშლის ჩვეული ფორმის დაბრუნებაში.
მეორე ამბავი კი ისაა, რომ მარცხენა ბურჯი ლუკა გოგინავა „ანგულემს“ ტოვებს. მოვლენების სხვაგვარი განვითარება წარმოუდგენელიც კი იქნებოდა, რადგან მზარდი, ამბიციური და საკმაოდ მაღალი დონის ბურჯისთვის გუნდთან ერთად ნასიონალ ლიგაში (რანგით მესამე ფრანგული დივიზიონი) დაქვეითება კარიერულ წინსვლაში არ წაადგებოდა.
მიუხედავად მისი პერსონალური ძალისხმევისა (28 ტურში 26 მატჩი და 2 ლელო), „ანგულემი“ ცალი ფეხით პრო დ2-დან გავარდნილია, თუ სასწაული არ მოხდა და გუნდმა ორივე დარჩენილი მატჩი ბონუსით არ მოიგო, თანაც ამ შემთხვევაშიც ყველაფერი კონრკურენთტთა შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
2016 წელს, ქართველთათვის სადებიუტო 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ ლუკა გოგინავა დიდ პარიზულ კლუბში – „რასინგ-92“-ში ჩაირიცხა, სადაც 2 წელი გაატარა. შმდეგ იყო ერთი სეზონი „ბრივში“ და 2 წელი „ანგულემში“, სადაც ასევე თამაშობს ლეგენდარული ბორჯღალოსანი შალვა სუთიაშვილი. ჰოდა, „ანგულემმა“ სეზონი აშკარად ჩააგდო და ამასწინათ ლევან მაისაშვილის მიერ ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში გამოძახებული ლუკა გოგინავა ნახევრად პროფესიულ ლიგაში არ უნდა მოცდეს. იმედია, მისი ახალი კლუბის შესახებ სიახლეებს მალევე შევიტყობთ.