ისტორიას რიად მაჰრეზის ორი გოლი შემორჩება, ხოლო მეტოქის დარტყმულ ბერთს გადაფარებულ ოლექსანდრ ზინჩენკოსა და რუბენ დიასს აღარავინ გაიხსენებსო, წერს „დეილი მეილი”. მათ მეტოქის ძლიერ დარტყმულს სახე, თავი, სხეული შეუშვირეს. არავინ იცის, რა მოხდებოდა მათი თავგანწირვა რომ არა, გაუტანდა „პარი სენ ჟერმენი” „მანჩესტერ სიტის” გოლებს თუ ვერა. შესაძლოა, გაეტანა და სხვა შედეგი დამდგარიყო, თუმცა შეიძლება არც მომხდარიყო ასე.
მთავარი სხვა რამ არის. ამ ეპიზოდებში გამოჩნდა, თუ რა განწყობით იყვნენ „სიტის” ფეხბურთელები მოედანზე და რისი წყალობით გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, კლუბის ისტორიაში პირველად.
„მანჩესტერ სიტის” აქამდე ევროპული თასის ფინალში ერთადერთხელ ჰქონდა ნათამაშები — 1970 წელს, პოლონურ „გორნიკს” მოუგო და თასების მფლობელთა თასი აღმართა. სხვა სიტყვებით, ბოლო წლებში არაბული ინვესტიციებით გაძლიერებული „სიტი” ევროპაში ჯერჯერობით ზუსტად ისევეა ტიტულოვანი, როგორც თბილისის „დინამო”.
ინგლისური მედია წერს, რომ ორ ფინალს შორის ამხელა, 51 წლიანი ინტერვალი სარეკორდოა. აქამდე, რეკორდსმენად ლისაბონის „სპორტინგს” ასახელებდნენ, რომელმაც 1964 წელს თასების თასი, ხოლო 2005 წელს ანუ 41 წლის შემდეგ, უეფას თასი მოიგო.
გარდა ამისა, „მანჩესტერ სიტი” ერთადერთი ინგლისური გუნდია, რომელმაც ევროპულ სათასო შეჯიბრებაში ზედიზედ 7 მატჩში გაიმარჯვა. ამას, მხოლოდ ტექნიკით და ფანტაზიით ვერ გააკეთებო, წერს „დეილი მეილი”.
ამას სჭირდებოდა მტკიცე ხასიათი და დაცვაში შეუვალი თამაში, რამაც, სხვა კომპონენტებთან ერთად, 2:0-ის შემდეგ, „პარი სენ ჟერმენს” კვლავ დააკარგინა თავი. ასე მაგალითად, გაღიზიანებულმა ანხელ დი მარიამ აუტის ხაზს გადაღმა ფერნანდინიოს წიხლი ჩასცხო, რისთვისაც გააგდეს.
მაურისიო პოჩეტინო თავიდან ფეხბურთელების დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ, საბოლოოდ, თავადაც მსაჯებთან დავას შეუდგა. „დეილი მეილის” აზრით, რაც უფრო უახლოვდებოდა თამაში დასასრულს, მით უფრო მეტად ცდილობდნენ პარიზელები „ქალაქელების” დაშავებას. ანდა, თუ რომელიმე მანჩესტერელი პროვოკაციას წამოეგებოდა და უპასუხებდა, დაისჯებოდა და ფინალს გამოტოვებდა.
პროვოკაციას ყველაზე მეტად კინაღამ ზინჩენკო წამოეგო, რომელიც მარკო ვერატის წაეჩხუბა, ფილ ფოდენს რატომ ეუხეშეო.
ასე იყო თუ ისე, პეპ გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტი” რიად მაჰრეზის ორი გოლის წყალობით გაიყვანა იმ თასის ფინალში, რომელსაც რუუდ გულიტი ყურებიანს ეძახდა.
ფინალში, „მანჩესტერ სიტის” „ჩელსისა” და „რეალს” შორის გამარჯვებული შეხვდება. მეორე ნახევარფინალი დღეს, „სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართება. „ლურჯებისა” და „თეთრების” პირველი მატჩი მადრიდში 1:1 დასრულდა.