ლა ლიგამ გადაწყვიტა, ბოლო ორ ტურში, როდესაც ესპანეთის ჩემპიონის ვინაობა უნდა გაირკვეს, შეხვედრები ერთდროულად დაიწყოს.

ლაპარაკია მატჩებზე, რომლებიც გაიმართება ორ კვირა დღეს, 16 და 23 მაისს. 16 მაისის შეხვედრები ადგილობრივი დროით 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება, ხოლო 23 მაისის —18 საათზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი გულშემატკივარი თექვსმეტში ტელევიზორს 20 საათსა და 30 წუთზე ჩაუჯდება, 23 მაისს კი 20 საათზე.

სამი ლიდერის კალენდარი კი ასეთია:

„ატლეტიკო” ბოლოსწინა ტურში „ოსასუნას” მასპინძლობს, ხოლო ბოლო ტურში „ვალიადოლიდს” სტუმრობს.

„რეალი” ჯერ ბილბაოში თამაშობს, ბოლოს — შინ „ვილიარეალს” ხვდება.

„ბარსელონა” ბოლოსწინა ტურში მასპინძლობს „სელტას”, ბოლო ტურში კი ბასკეთში მიდის „ეიბართან”.

არ არის გამორიცხული, აზრსმოკლებული შეხვედრები ცალკე გადაიტანონ.