„ინტერისა” და „აიაქსის” ფანებმა კოვიდრეგულაციები არად ჩააგდეს. მათ თავიანთი კლუბების ჩემპიონობა ქალაქის ქუჩებში მასობრივად იზეიმეს. თავად კლუბებმა ქომაგებს რასაკვირველია თხოვეს სოციალური დისტანციის დაცვა, მაგრამ ეს თხოვნა ყურად არავინ იღო.
სერია A-ში „ატალანტამ” და „სასუოლომ” 1:1 ითამაშეს, რის შედეგადაც ანტონიო კონტეს „ინტერმა” პირველად 2009-10 წლების სეზონის ანუ მას შემდეგ, რაც კლუბს ჟოზე მოურინიუ წვრთნიდა, სკუდეტო მოიპოვა.
ამის პარალელურად, ჰოლანდიის ერედივიზიონში „აიაქსმა” „ემენი” დაამარცხა 4:0 და ოცდამეთხუთმეტედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. ჰოლანდიური ფეხბურთის გიგანტმა ტიტული შარშან ვერ მოიგო, როდესაც ჩემპიონატი შეწყდა და გამარჯვებული არ გამოვლინდა. მიზეზი: კორონავირუსი.
მას მერე წელიწადი გავიდა, covid 19 კი არსად წასულა. კვირა დღეს, როდესაც „ინტერი” და „აიაქსი” ჩემპიონები გახდნენ, იტალიაში კორონავირუსის 9145 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ჰოლანდიაში კი 5508.
ამ ორ ქვეყანაში, ჯერჯერობით, სტადიონებზე ხალხს ისევ არ უშვებენ, თუმცა თეატრებსა და კინოებში 500 მაყურებლის შეშვება ნებადართულია.
შედარებისთვის: იმავე კვირა დღეს, დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის 1671 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაახლოებით, საქართველოს ბოლოდროინდელი მაჩვენებელია.
მილანში, მოზეიმე ფანებს „ინტერის” ბელგიელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუც შეუერთდა. ის მომავალ სეზონშიც „ნეროაძურიში” რჩება. მან „სქაი სპორტთან” ინტერვიუში თქვა:
„ვამაყობ, რომ „ინტერის” ფეხბურთელი ვარ. ეს კლუბი მიყვარს და ამიტომ გადავწყვიტე ქუჩაში ხალხს შევერთებოდი”.
ამსტერდამში, ქალაქის თავი ხალხს შინ დარჩენისკენ მოუწოდებდა. ის ტვიტერში წერდა, რომ იოჰან კრუიფის სახელობის პროსპექტი გადატვირთული იყო და იქ მისვლა არ იყო სასურველი.
ქალაქის მერი ფემკე ჰალსემა: „ბევრ სცენარს ვვარაუდობდით, მაგრამ არ გვიფიქრია, რომ „აიაქსის” ჩემპიონობის საზეიმოდ ხალხი ქუჩაში გამოვიდოდა. თან, შუადღემდე არც კი იყო ცნობილი, გახდებოდა „აიაქსი” ჩემპიონი თუ არა. წინასწარმეტყველი არ ვარ და ყველაფერი ვერ გავთვალე”.