თანამედროვე ქართული პროზის კლასიკოსის გიო ახვლედიანის ეს დიდებული წერილი ჩვენს გაზეთში მაშინ დაიბეჭდა, როდესაც დედოფალმა 60 წლის იუბილე აღნიშნა…

დრო კი საკმაოდ გავიდა, თუმც თავადაც დარწმუნდებით, ავტორის ლაზათიანი სიტყვა დღესაც საამო საკითხავია…

ნონა გაფრინდაშვილი ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონიასაერთოდ, დედოფლად ყოფნა ძნელია.

გარშემო იმდენი რამ იცვლება, დრო ისე გარბის, რომ ხშირად ადამიანი ვერც კი ასწრებს ყველაფრის შეთვისებას, გააზრებას, ამოცნობას.

დედოფლებისთვის ეს განსაკუთრებით ძნელია, რადგან მათ ასჯერ მეტის გააზრება უხდებათ.

დღეს ნონა გაფრინდაშვილის საიუბილიო საღამოა ოპერის თეატრში. ნონა გაფრინდაშვილი ქართული სპორტის დედოფალია. ის დედოფლად რჩება დღესაც, თუმცა, კარგა ხანია, აღარ უბრძოლია უმაღლესი სპორტული ტიტულისთვის. და საერთოდ, ჭადრაკი მხოლოდ სპორტი არ არის. ჭადრაკი ცხოვრების და აზროვნების წესია, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და რთული დედამიწაზე.

 

ჭადრაკი ხომ ერთდროულად პოეზიაცაა და მათემატიკაც, ომიც და ფერწერაც, გამოცანაც და ანეკდოტიც. და ჩვენ ყოველივე ამის დედოფალი გვყავს.

სიმართლე ვთქვა და, ჭადრაკთან შორიახლოს მდგომი კაცი ვარ. ჩემი ცოდნა ამ დიდ საქმეში რამდენიმე გენიალური პარტიის გარჩევა-გათამაშებით შემოიფარგლება. ჭადრაკის სიდიადეც სწორედ ამ პარტიებმა ამომაცნობინა, ვთქვათ, მორფისა და კონსულტანტების პარტიამ, გრანდ ოპერას ლოჟაში, როცა სცენზე „ფიგაროს” მღეროდნენ. მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო მთავარი ჭადრაკი კი არა, ჭადრაკის მოთამაშე ადამიანის ფიქრი, მისი გონებაა.

Legendary Georgian chess player Nona Gaprindashvili turns 80 - kavkazplus.com - Georgia newsნონა გაფრინდაშვილის გონება ჩვენს წინაშეა. ის ისეთივე დიდი მთხრობელია, როგორიც მოჭადრაკე. მისი ანალიტიკური გონება, მის მიერ აღქმული ცხოვრება, მისი საოცარი, ჩვენს დროში ასე იშვიათი და ჯანსაღი აზარტი და სისადავე ისეთივე განუმეორებელია, როგორც მისი კარიერა.

სპორტი ერთი ხილული და ყველაზე პოპულარული მხარეა ამ რთული გონებისა.

ჭადრაკის დედოფლობაც ერთი მხარეა. ნონა გაფრინდაშვილი ნამდვილი დედოფალი იქნებოდა ყველაფერში, სხვა დროს და სხვა ვითარებაში, სხვა გატაცებების, სხვა ინტერესების არსებობის შემთხვევაში. მისი დაუჯერებლად ტევადი, მოქნილი გონება არათუ სპორტს, არამედ ბევრად მძიმე ჭაპანსაც გასწევდა. შინაგანი ძალა საჭადრაკო დედოფალისა ნამდვილად გვიბიძგებს ამისკენ.

ნონა გაფრინდაშვილი უცნაური და მოულოდნელი ფიგურაა ჩვენს ისტორიაში, რომელშიაც ქალებს მხოლოდ დედოფლობით აღიარებენ. ანუ, ქალი მაშინ იპყრობს ჩვენს ყოფას, როცა ის დედოფალია. მისი ძალა, უნარი და ნიჭიც ამ დროს ფასდება. ეს ყველაფერი კვლავ ჭადრაკის დაფისკენ მიგვითითებს, სადაც ლაზიერი-დედოფალი წარმოუდგენელ უნარს ასხივებს – მცველიცაა, შემტევიც, ბატონ-პატრონიც, სარდალიცა და რიგითი მებრძოლიც.

ჩვენ დედოფალი გვყავს.

12.05. 2001

ნონა გაფრინდაშვილი - YouTube

წილი
წინა სტატიასარბიელი წარმოგიდგენთ…
შემდეგი სტატიაშერმადინ პირველი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.