„რეალმა” იწვალა, მაგრამ საბოლოოდ გატეხა „ოსასუნას” დაცვა, მეტადრე კი შეუვალი მეკარე სერხიო ერერა და უმნიშვნელოვანესი ორი ქულა მოიპოვა — 2:0.
თამაშის ბედი 76-ე წუთზე ტრადიციული თავურით ედერ მილიტაომ გაიტანა. მან ისკოს მიერ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი შეაგდო სტუმართა კარში.
მადრიდელთა თავკაცმა ზინედინ ზიდანმა გარისკა, ჩემპიონთა ლიგაში „ჩელსისთან” საპასუხო ნახევარფინალური შეხვედრის წინ ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი დაასვენა, მაგრამ გაუმართლა.
მილიტაოს გოლიდან ოთხ წუთში კი „რეალმა” მეორე გაიტანა. მეტოქის საჯარიმოსკენ ბურთი ქარიმ ბენზემამ ატარა, შემდეგ კი კაზემიროს შეუყოლა პასი, რომელმაც ბურთი პირველივე შეხებით ბადეში შეაგდო. სავარაუდოდ, ამ მომენტში კაზემირო ბურთის მორგებას აპირებდა და არა დარტყმას, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს.
შაბათის შეხვედრაში „რეალისთვის” კარგი იყო, რომ მან სამი ქულა მოიპოვა და ლიდერ „ატლეტიკოს” ისევ ორით ჩამორჩება; ასევე კარგი იყო, რომ გამოჯანმრთელებულმა ედენ აზარმა მოედანზე 72 წუთი დაჰყო და ცუდად ნამდვილად არ უთამაშია. ცუდი კი გახლდათ ის, რომ რაფაელ ვარანი დაშავდა და შესაძლოა „ჩელსისთან” თამაშამდე ვერ გამოჯანმრთელდეს.