საქართველო 2022 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს და თბილისს ესპანეთი, რუსეთი, თურქეთი, ბელგია და ბულგარეთი ესტუმრებიან.

წილისწყრა რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სერგეი ბაზარევიჩმა შეაფასა და ჯგუფში ესპანეთი, საქართველო და თურქეთი გამოყო.

Russian basketball executives unanimously approve Bazarevich to coach  national team - Sport - TASS„ტურნირის დაწყებამდე დიდი დროა, ამიტომ კონკრეტული საუბარი ნაადრევია. თუმცა, იმის თქმა შემიძლია, რომ ევროპულ კალათბურთში სუსტი ნაკრებები აღარ არსებობენ. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, ევრობასკეტისთვის ვინ როგორი შემადგენლობის შეკრებას მოახერხებს. სახელებით უფრო სუსტი ექვსეულებიც მოჩანს, ხოლო რეალურად რა იქნება, რთული სათქმელია. სიფრთხილე ყველასთან საჭიროა. ვერც ერთი გუნდი ვერ გავა მოედანზე და ვერ იტყვის, რომ რომელიმე მეტოქეს იოლად აჯობებს.

ესპანეთი ფავორიტია, საქართველო მასპინძელია და ამით, ყველაფერია ნათქვამი. ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავთ თურქებსაც და ქომაგებიც ძალიან დაეხმარებიან. ქართველებს თურქები შემთხვევით არ აურჩევიათ – ისინი ხომ მეზობლები არიან. კიდევ კარგი, ბათუმში არ ვთამაშობთ, რადგან ეს ქალაქი პირდაპირ საზღვარზეა და მთელი დარბაზი თურქებით იქნებოდა სავსე“, – განაცხადა ბაზარევიჩმა.

შეგახსენებთ, კონტინენტის პირველობა 2022 წლის 1-18 სექტემბერს გაიმართება. ჯგუფური ეტაპის მატჩები 4 ქვეყანაში გაიმართება: გერმანიაში (კიოლნი), საქართველოში (თბილისი), ჩეხეთსა (პრაღა) და იტალიაში (მილანი). ფლეი ოფის ეტაპს კი, გერმანიის დედაქალაქი  უმასპინძლებს.