მეორე წრის პირველი ტურის ყველაზე საინტერესო ამბავი წყალტუბოში გამართული ბურთაობა გამოდგა. „სამგურალმა“ ლიდერ „დინამოს“ 2:0 მოუგო, თან მართლა მოუგო, დამაჯერებლად.

გახსოვთ ალბათ, წლევანდელი სეზონიც ამ გუნდების შეხვედრით გაიხსნა. დებიუტანტმა წყალტუბოელებმა მაშინაც კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და მართალია ის მატჩი 1:1 დამთავრდა, მაგრამ მეტად იღბლიანები რომ ყოფილიყვნენ, იმერლები იმ თამაშსაც მოიგებდნენ.

ამჯერადაც გამოიჩინა თავი სერგო კუხიანიძემ, რომელიც უკვე წყალტუბოელთა აშკარა ლიდერია. სწორედ სერგო გახლავთ წლევანდელი ეროვნული ლიგის პირველი გოლის ავტორიც – 27 თებერვალს, უკვე ხსენებულ მატჩში, მან „დინამოს“ ნახევარი საათის თავზე გაუტანა.

წყალტუბოში ახლა ნამდვილი საფეხბურთო ბუმია. ამის დასტურია რაც მატჩის შემდეგ 26 მაისის სახელობის სტადიონზე ხდებოდა –  გადაირია ხალხი სიხარულით. ხუმრობა ხომ არ არის – „დინამო“ დაამარცხეს.

სოსო ფრუიძის ხელმძღვანელობით სამგურალელებმა ზედიზედ მეორედ გაიმარჯვეს. თუ მათ საქმისადმი მიდგომას და ენთუზიაზმს გავითვალისწინებთ, არ არის გამორიცხული, „სამგურალმა“ „ჩიხურას“ წარმატებული გზა გაიაროს და ეგებ მეტსაც მიაღწიოს.

ერთია ოღონდ, მასპინძელი გულშემატკივრების ჯგუფი თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში დინამოელთა სათადარიგო სკამზე მსხდომ სტუმარ მწვრთნელ-ფეხბურთელებს აგინებდა, აგრესიულად იქცეოდა. არადა, ისეთი არაფერი მომხდარა, მსგავსი ემოციები რომ გამოეწვია.

დინამოელებს ხომ კოვიდპანდემიის გამო დიდი პრობლემები შეექმნათ. ამჯერადაც, თუ არ ვცდები, მინდორზე კლუბის აკადემიის ექვსი აღზრდილი ყმაწვილი ირჯებოდა. სკამზე კი მთლად პირტიტველა ბიჭები ისხდნენ…

პანდემია ვახსენეთ და გულშემატკივართა უმეტესობას პირბადეები არ ეკეთა, თუმცა ეს მხოლოდ წყალტუბოელთა პრობლემა არ არის, ლამის მთელი საქართველოს სტადიონებზე მსგავსი ვითარებაა.

კურიოზული ეპიზოდის შესახებ: წყალტუბოელებმა მეორე გოლი 95-ე წუთზე გაიტანეს, გახარებულმა გიორგი ბუხაიძემ მაისურა გაიძრო და თანაგუნდელების ტყვეობაში მოექცა, როცა ბრბო გაიფანტა, მსაჯმა გიორგაძემ წყალტუბოელთა 29-ე ნომერს ყვითელი ბარათი უჩვენა და რადგან ერთი გაფრთხილება გიორგის მანამდე უკვე მიეღო, მოედნიდან დაითხოვა.

მარცხის მიუხედავად, „დინამო“ კვლავ ერთპიროვნული ლიდერია.

მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა „ბათუმმა“ ტურის ბოლო მატჩში, არეულ „ტორპედოსთან.“ ზღვისპირელები ნიგერიელი ბენჟამინ ტეიდის გოლით იგებდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და დამთავრემადე 12 წუთით ადრე, ლუკა ქაფიანიძის საპასუხო ბურთი მიიღეს. მოგეხსენებათ, ამ მატჩის წინ ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა, მიხეილ აშვეთიამ თანამდებობა დატოვა და გუნდი მინდორზე მისმა ასისტენტმა, შოთა ბაბუნაშვილმა გაიყვანა.

სამეულის კიდევ ერთი წარმომადგენელი, „დილა.“ „შუქურას“ ზესტაფონში „ეწვია“ და წაგებას დამთავრებამდე 15 წუთით ადრე გადაურჩა.

დაძაბული გამოდგა თბილისური დერბი „ლოკომოტივსა“ და „საბურთალოს“ შორის. საბურთალოელებს მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად უთავკაცა ხვიჩა შუბითიძემ.

დებიუტი წარმატებული გამოდგა, რასაც ვერ ვიტყვით მის კოლეგა გიორგი ჭიაბრიშვილზე. ბოლო წუთებზე მას მსაჯის გადაწყვეტილება არ მოეწონა, შეეკამათა და თავიც მიარტყა. ცხადაია, არბიტრმა აფციაურმა მას წითელი აუფრიალა და მინდვრიდან გააძევა.

სტუმრებმა კი იური ტაბატაძის მორიგი გოლის წყალობით გაიმარჯვეს. ეს 21 წლის ტაბატაძის მე-5 გატანილი ბურთი გახლდათ ამ სეზონში და ის ბომბარდირთა ლიდერ, დინამოელ ზორან მარუშიჩს გაუთანაბრდა. სხვათა შორის, იური „საბურთალოს“ აკადემიის  აღზრდილია.

„თელავმა“ ზედიზედ მეოთხედ წააგო, ამჯერად „სამტრედიასთან“ და  ბოლო ადგილამდე დაქვეითდა, რაც პირველად ხდება თელაველთა ელიტაში ყოფნის განმავლობაში. ამას კი მწვრთნელის პოსტი შეეწირა – რეზო გოცირიძე თანამდებობიდან გადადგა.

შუქურა 1:1 დილა (ზესტაფონში)

1:0  სარდალიშვილი (55), 1:1 ჩიტეიშვილი (75)

სამტრედია 2:1 თელავი

1:0 ჟუნიორი (35), 2:0 ბერიაშვილი (38 საკ. კარში), 2:1 შეყილაძე (50)

გაძევება: შერგელაშვილი (90+2) – თელავი

ლოკომოტივი 0:1 საბურთალო

0:1 ტაბატაძე (21)

გაძევება: ჭიაბრიშვილი (89) – ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი

სამგურალი 2:0 დინამო

1:0 კუხიანიძე (44), 2:0 ბუხაიძე  (90+5)

გაძევება: ბუხაიძე (90+5)

ბათუმი 1:1 ტორპედო (გორში)

1:0 ტეიდი (39), 1:1 ქაფიანიძე (78)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362112373:2775
დინამო36217859:2870
დილა361710948:3561
საბურთალო361512952:4057
ლოკომოტივი361581357:5953
თელავი361281635:5344
სამგურალი369141334:4641
ტორპედო369131438:4440
შუქურა365121928:4927
სამტრედია36562533:7621

მეგოლეები: ზორან მარუშიჩი (დინამო), იური ტაბატაძე (საბურთალო) – 5, გიორგი გაბედავა (დინამო), მიშიკო სარდალიშვილი (შუქურა), სერგო კუხიანიძე (სამგურალი) – 4