„ლივერპულის” გერმანელი მწვრთნელი, 53 წლის იურგენ კლოპი კმაყოფილია, რომ სუპერლიგის პროექტი ჩაიშალა, მაგრამ ის არც უეფას ჩემპიონთა ლიგის რეფორმას გაუხარებია.

„როგორც სუპერლიგის შემქმნელებმა არ გვკითხეს არაფერი, ისევე არ გვკითხა უეფამაც. ჩვენ, უშუალო მონაწილეებს, არავინ არაფერს გვეკითხება, არადა როგორც ერთი, ასევე მეორე გეგმა მხოლოდ ერთს ნიშნავს — მეტ მატჩებს. ჩვენ მათი სურვილები უნდა შევასრულოთ. და მიზეზი რა არის? რასაკვირველია, ფული!

ყველას გვინდოდა სუპერლიგისთვის თავი დაგვეღწია, მაგრამ იმავე წამს ჩემპიონთა ლიგის ახალმა პროექტმა წამოჰყო თავი. ყველა, ვინც მის კონცეპციას გაეცნო, მიხვდებოდა, რომ ესეც ფულისთვის კეთდება. სასაცილო იქნება თუკი ვინმე იტყვის, რომ ასე არ არის. არადა, მეტი თამაში შეუძლებელია. ფეხბურთის სტრუქტურა მეტს ვერ გაუძლებს”, — თქვა კაცმა, რომლის კლუბი თავად იყო სუპერლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ამასობაში, სუპერლიგის კიდევ ერთი დამფუძნებლის, „მანჩესტერ სიტის” თავკაცმა პეპ გვარდიოლამ თქვა, რომ ჩემპიონთა ლიგაში შეხვედრების მატება ჭარბ ტრავმიანობას გამოიწვევს.

„უეფამ ეს იცის, მაგრამ გადარდებთ ვინმეს? არა!” — თქვა „ბარსელონასა” და „ბაიერნის” ყოფილმა თავკაცმა.