„ბარსელონას” ვეტერანი მცველი ჟერარდ პიკე Movistar+ზე გადაცემა „უნივერსო ვალდანოს” ეწვია და ევროპულ ფეხბურთში ბოლოხანს დატრიალებულ ამბებზე ილაპარაკა.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ დიდი რიხით გამოცხადდა ევროპის სუპერლიგის შექმნის შესახებ, მაგრამ 48 საათში, გულშემატკივრებისა და მთავრობათა ზეწოლით, 12 დამფუძნებლიდან ათმა თავისივე დაარსებული სტრუქტურა დატოვა და გამოვიდა, რომ სუპერლიგაში მხოლოდ „ბარსელონა” და „რეალი” დარჩნენ.

„ფეხბურთელის გადასახედიდან, ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს კარგი გადაწყვეტილება არ იყო, — თქვა პიკემ, — სატელევიზიო უფლებათა ექსპერტები და სხვა სპეციალისტები იმთავითვე ამბობდნენ, რომ ბაზარზე ასეთი გრანდიოზული პროექტის ფული არ არსებობდა და 5-8 წელიწადში სუპერლიგას უქმეებზეც მოუწევდა გადაბარგება ანუ ეროვნულ ჩემპიონატებს შეავიწროვებდა. გამოდის, რომ დღეს არსებული მთელი საფეხბურთო სისტემა უნდა დანგრეულიყო”.

თუმცა, პიკე არც დღეს არსებული ფორმატით გახლავთ კმაყოფილი.

„არ არის ნორმალური ის ფაქტი, რომ პანდემიაში დიდი კლუბები 200-300 მილიონ ევროს კარგავენ, მცირე კლუბებს კი სატელევიზიო უფლებების გამო მოგება რჩებათ. საჭიროა ყველა კლუბი თანაბარ პირობებში იყოს და ბალანსი შევინარჩუნოთ. რთული მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით ყველაფრის დანგრევა არ უნდა ხდებოდეს საჭირო. სისტემის დანგრევა უამრავი ადამიანის უმუშევრად დატოვებას ნიშნავს”, — უთხრა კატალონიელმა ვალდანოს.

გადატვირთული კალენდრის შესახებ: „ნამდვილად ზედმეტს ვთამაშობთ… დღევანდელი კალენდარი მეტისმეტია. ერთ შეჯიბრებას მეორე მოსდევს. რაღაც ფრანკენშტაინი გამოდის. ჩვენ უნდა ვთამაშობდეთ მხოლოდ იმ შეჯიბრებებში, რომლებიც ხალხმა იცის. ასე მაგალითად ერთა ლიგა… ხალხს წარმოდგენა არ აქვს რა შეჯიბრებაა ეს. ფეხბურთის შეფები ზედმეტად წველიან ძროხას…

ის რაც ახლა ხდება, საზოგადოების პირდაპირი ასახვაა. ეს არის პირწმინდა, დაუნდობელი კაპიტალიზმი. რასაკვირველია, იდეალური მოდელი არ არსებობს. ყველაფერს თავისი ნაკლი აქვს, მაგრამ ჩვენ ყველაზე დაბალანსებულ ვარიანტს უნდა ვეძებდეთ”.