ეს იყო გულშემატკივრების დიდი გამარჯვება: სუპერლიგა ექვსივე ინგლისურმა კლუბმა დატოვა! ხმა პირველებმა „ჩელსის” ფანებმა აიმაღლეს, რომლებიც „სტემფორდ ბრიჯის” წინ შეიკრიბნენ. დასავლეთლონდონელებს „მანჩესტერ სიტი” აჰყვა.
ორიოდ საათში ცნობილი გახდა, რომ სუპერლიგის დატოვებას აპირებდნენ „ტოტენჰემ ჰოთსპური”, „მანჩესტერ იუნაიტედი”, „ლივერპული” და „არსენალი”.
ამასობაში, პრემიერლიგის ოფისში მიმდინარეობდა ჩამოთვლილი კლუბების შეფების შეკრება. იმავდროულად, დანარჩენმა თოთხმეტმა კლუბმა გადაწყვიტა უარი ეთქვა „აჯანყებულთა ლიგის” დაფუძნებაზე.
გულშემატკივარმა მთელს ევროპაში მძლავრი პროტესტის ტალღა ააგორა. იტალიიდან მოვიდა ხმა, რომ ინგლისურ ექვსეულს „ინტერი” აჰყვა და სუპერლიგიდან გადის.
გვიან ღამით, სუპერლიგის დამფუძნებლებმა გამოაცხადეს, რომ მათი პროექტი შეჩერებულია — გულში ყოველთვის ფანებისთვის საუკეთესო გვინდოდა; ახლა ავდგებით და გეგმების გაუმჯობესებაზე ვიმუშავებთო.
ზოგი ამბობს, რომ ინგლისის „დიდი ექვსეულის” შეფებიდან მომხდარმა ყველაზე მეტად „ტოტენჰემ ჰოთსპურის” მეპატრონე დენიელ ლევი დაზაფრა. მას აშკარად სუპერლიგა ერჩივნა და განცხადებაში თქვა, რომ ჩვენი საყვარელი სპორტი მუდამ ერთ ადგილს არ უნდა ტკეპნიდეს, ის უნდა ვითარდებოდეს, ხოლო სუპერლიგა ფინანსურ სტაბილურობასა და თანხების სამართლიანი განაწილების გარანტია მისცემდათ.
და მაინც, ლევიმ ფანებს აზრის მძლავრად და მკაფიოდ გამოხატვისთვის მადლობა გადაუხადა. სხვა რა გზა ჰქონდა.
ფანებს მადლობა გადაუხადეს „არსენალის” პატრონებმაც — ბოლო დღეებმა დაგვანახა, თუ რამდენად ჩართულია გულშემატკივარი კლუბის ცხოვრებაში და ყველაფერმა, რაც მოხდა, სამომავლოდ ღრმა ანალიზისკენ გვიბიძგაო.
„ჩვენ სუპერლიგას ვტოვებთ. შევცდით და ბოდიშს ვიხდით!” — განაცხადეს ჩრდილოლონდონელთა ბოსებმა.
„მანჩესტერ იუნაიტედმა” განაცხადა, რომ მას მერე, რაც ყურადღებით გაეცნო ფანების, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებისა და პროცესის სხვა მონაწილეთა რეაქციას, გადაწყვიტა სუპერლიგიდან გამოვიდეს.
დაახლოებით ამ ტიპის განცხადება გაავრცელა „ლივერპულმაც”.
აშკარაა, რომ უამრავი გულშემატკივრის ასეთ რეაქციას „დიდი ექვსეულის” არც ერთი კლუბის მეპატრონე არ ელოდა. ინგლისური მას მედია წერს, რომ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი არც მეტი არც ნაკლები შოკში იყო.
„ლურჯების” ოფისიდან გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ისინი მიხვდნენ — კლუბის დარჩენა სუპერლიგაში მისი ფანების და ზოგადად საფეხბურთო საზოგადოების საწინააღმდეგო საქციელი იქნებოდა.
ევროპის სუპერლიგამ მოახერხა ის, რაც დიდი ხანია არავის მოუხერხებია — მთელი ინგლისი ერთ მუშტად შეკრა. თვით პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონიც კი აპირებდა სუპერლიგის ქვეყანაში დაბლოკვის შესახებ კანონის მიღებას. მან სუპერლიგას კარტელი უწოდა და თქვა, რომ არავის აქვს უფლება ინგლისელ გულშემატკივარს ფეხბურთი წაართვას.
მასობრივი პროტესტების გამო, წუხელ „ჩელსისა” და „ბრაიტონის” თამაში 15 წუთით გვიან დაიწყო, ხოლო ლეგენდარული მეკარე პეტრ ჩეხი ხალხს ეხვეწებოდა ფეხბურთელები სტადიონზე შეეშვათ. ჩეხის დანახვაზე ბრბოდან ბევრმა დაიწყო ყვირილი: მოღალატევ!
და როდესაც ხალხს გამოუცხადეს, რომ „ჩელსი” სუპერლიგას ტოვებს, „სტემფორდ ბრიჯის” გარშემო საშინელი ღრიანცელი ატყდა.
მოგეხსენებათ, რომ პროტესტების შედეგად თანამდებობიდან გადადგნენ „მანჩესტერ იუნაიტედის” აღმასრულებელი შეფი ედ ვუდვორდი, რომელიც 16 წელიწადი მართავდა კლუბს. უცნაურია, მაგრამ ითქვა, რომ მან ეს ნაბიჯი სუპერლიგის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გადადგა.

უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდრ ჩეფერინმა ვუდვორდს და მის „სუპერლიგელ” კოლეგებს მატყუარები და გველები უწოდა.
გადადგა „იუვენტუსის” პრეზიდენტი ანდრეა ანიელიც.
„ბარსელონას” ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ხრიკს მიაგნო და განაცხადა, რომ „ბარსა” სუპერლიგაში მანამდე არ შევა, სანამ ამას კლუბის წევრები არ გადაწყვეტენ. ეს მათი კლუბია და გადაწყვეტილებაც მათ უნდა მიიღონო. კლუბის წევრი კი ათეულობით ათასი მოქალაქეა. მათი პოზიციის გარკვევას პლებისციტი დასჭირდება.
„მანჩესტერ იუნაიტედის” 23 წლის ვარსკვლავმა მარკუს რეშფორდმა ტვიტერზე ლეგენდარული მატ ბასბის სიტყვები დაწერა: „ფეხბურთი ფანების გარეშე არაფერია”!
ლივერპულელი ჯორდან ჰენდერსონი პრემიერლიგის კაპიტნებს საგანგებო თათბირზე იწვევდა.
„მანჩესტერ სიტის” მწვრთნელმა პეპ გვარდოლამ კი, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მისი კლუბი სუპერლიგას შეუერთდა, მაშინვე გაბედა და ხმამაღლა განაცხადა: „იქ, სადაც წარმატება გარანტირებულია და მოგება-წაგებას მნიშვნელობა არ აქვს, სპორტი არ არსებობს. მე ვისურვებდი ამ კომიტეტის პრეზიდენტმა განმარტოს, რატომ გადადგეს ასეთი ნაბიჯი. არ ვიცი, რატომ შეარჩიეს სუპერლიგაში სათამაშოდ ეს კლუბები და არა სხვები. და მე უსამართლობა მგონია, როდესაც მავანი გუნდი ქვედა ლიგაში პირველი ადგილისთვის იბრძვის, მაგრამ ამ გამარჯვებას აზრი აქ აქვს, რადგან ზვით ადგილები სხვებს ეკუთვნით და იქ მაინც არ აუშვებენ.”