გავაძევოთ პრემიერლიგიდან „მანჩესტერ იუნაიტედი”, „არსენალი” და „ლივერპული”! ჩამოვართვათ მათ ტიტულები! — მრისხანებდა გუშინ „იუნაიტედის” ვეტერანი და ტელეკომპანია „სქაის” მიმომხილველი გარი ნევილი. მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომელი ინგლისული კლუბები იყვნენ ევროპის სუპერლიგის პირველ დამფუძნებელთა შორის, მაგრამ იცოდა, რომ გვიან საღამოს მისთვის საძულველი ლიგა დაარსდებოდა და ამას გამოაცხადებდნენ.

თუმცა, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი კლუბები არიან სუპერლიგის დამფუძნებელთა პირველ ჯგუფში. ინგლისში, ისევე როგორც სხვა წამყვან ევროპულ საფეხბურთო ქვეყნებში არიან კლუბები, რომელთაც ამ ლიგაში ყოფნა უნდათ და დღეს თუ არა ხვალ შეუერთდებიან მათ.

გარი ნევილი ამ კლუბების საქციელს კრიმინალურს უწოდებს!

ნევილმა „დიდი ექვსეულის” წინააღმდეგ გაილაშქრა და ისინი თვითმარქვია ბოთლებით მოვაჭრეებად მოიხსენია. ნევილი ითხოვს, რომ მათ მიმდინარე სეზონში ქულები ჩამოართვან და დიდი ფულადი ჯარიმებით დასაჯონ.

წამყვანმა ინგლისურმა კლუბებმა მხარი დაუჭირეს ევროპის სუპერლიგის შექმნას და ეს ჩააიდინეს უეფას მიერ ჩემპიონთა ლიგის დაანონსებული რეფორმის წინა დღეს.

უეფას გეგმით, განახლებული შეჯიბრების მარტო წარდგენა კლუბებს, ეგრეთწოდებულ „მისალმების თანხას”, 310 მილიონ გირვანქას მოუტანდა, შემდეგ კი მათი სალარო ყოველწლიურად 130 მილიონით შეივსებოდა — სულ პროექტისთვის 4,6 მილიარდია გამოყოფილი.

ნევილი: „თუ ეს კლუბები გამოაქვეყნებენ სუპერლიგასთან შეერთების სურვილს, დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედდეს მკაცრი სანქციები: დიდი ფულადი ჯარიმები, ქულების დაქვითვა, ტიტულების ჩამორთმევა… გადაეცეთ ჩემპიონის ტიტული „ბარნლის”, „ფულემს”! გააგდეთ პრემიერლიგიდან „მანჩესტერ იუნაიტედი”, „არსენალი” და „ლივერპული”, რადგან ეს სამი კლუბი ყველაზე მეტად ქმნიდა ინგლისური ფეხბურთის ისტორიას და ყველაზე მეტად უნდა დაისაჯოს.

მე ამას სერიზოულად ვამბობ, რადგან ეს არის კრიმინალური საქციელი. ეს არის დანაშაული ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრის წინაშე. ამ კლუბების მეპატრონეები კი ბოთლებით მოვაჭრეები გამოდგნენ. ისინი თვითმარქვიები არიან. მათ ხმის უფლება არ აქვთ. ზოგი მათგანი შეიძლება რამდენიმე კვირით დაიმალოს და თქვას, ჩემგან რა გინდათ, სუპერლიგას მე ხომ არ შევერთებივარო, მერე კი გაიპაროს.

ჩვენ საქმე გვაქვს პრიმიტიულ სიხარბესთან.

„მანჩესტერ იუნაიტედის”, „ლივერპულის”, „ჩელსის” და „მანჩესტერ სიტის” მეპატრონეებს ამ ქვეყნის ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვთ!”