ლისაბონში დასრულებული ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე მედლების მხრივ ხვავრიელი კი გამოდგა, მაგრამ უფრო მაღალი ხარისხის მედლებს ველოდით. საბოლოოდ, ოქროს, ორი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალს დავჯერდით.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში ერთმანეთს ლაშა ბექაური და ბექა ღვინიაშვილი შეხვდნენ. 20 წლის ბექაურმა დროის ამოწურვამდე 50 წამით ადრე სუფთა გამარჯვება მოიპოვა. ფინალამდე ბექაურმა ფრანგი ალექს მატიე, ებრაელი ლი კოჩმანი, სერბი ნემანია მაიდოვი და თურქი მაიკლ ჟგანკი დაამარცხა, ხოლო ღვინიაშვილმა – ესტონელი კრისტოფერ კალიულაიდი, რუმინელი ალექს გრეტი, უნგრელი კრისტიან ტოტი და რუსი მიხაილ იგოლნიკოვი.

100 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში გავიდა ვარლამ ლიპარტელიანი, რომელიც ოქროსთვის ბელგიელ ტომა ნიკიფოროვს დაეჭიდა. სამწუხაროდ, ჩვენებური დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ეს ლიპარტელიანის მე-10 მედალია ევროპირველობაზე. ამით, ძიუდოისტი ნესტორ ხერგიანის შედეგი (9 მედალი) გაამჯობესა, ხოლო საჭიდაო სახეობებში ელდარ კურტანიძეს დაეწია.

ფინალამდე ლიპარტელიანმა თურქი მეტ სისლანმარი, პოლონელი კასპერ ჟუროვსკი, ფრანგი ალექსანდრ იდირი და რუსი ნიაზ ილიასოვი დაამარცხა.

ნიკიფოროვმა ნახევარფინალში ილია სულამანიძე წაგვიქცია, რომელიც ბრინჯაოსთვის ფრანგ ალექსანრდ იდირთან დამატებით დროში დამარცხდა. მანამდე კი, სულამანიძემ ნიდერლანდელი მიხაელ კორელი, ხორვატი ზლატკო კუმრიჩი და აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს აჯობა.

მძიმე წონაში თურქი ჯემალ ერდოღანი და ებრაელი ორი სასონი დაამარცხების შემდეგ გურამ თუშიშვილმა ნახევარფინალში რუს ინალ ტასოევთან დამარცხდა. ბრინჯაოსთვის ბრძლაში კი, ჰოლანდიელ როი მეიერი დააგდო ტატამზე.