თუკი გასულ უქმეებზე „ბარსელონა” გაწბილდა, ეს უქმეები მისთვის ტრიუმფალური იყო. ახლა, სევილიაში სათასო წარმატებით „გადატვირთული” გუნდი ლა ლიგის მწვერვალს სულ სხვა ჟინით შეუტევს.

„ბარსელონამ” ესპანეთის სამეფო თასი ოცდამეთერთმეტედ მოიგო. მოპოვებული თასების რაოდენობით ის ისედაც რეკორდსმენი იყო — მდევარ „ბილბაოს”, სწორედ გუშინდელ მეტოქეს, ეს ჯილდო ოცდასამჯერ აქვს აღმართული. და ეს იყო „ბარსას” პირველი ტიტული მას მერე, რაც 2019 წელს ჩემპიონი გახდა — ჟოან ლაპორტამ პრეზიდენტობის მეორე პერიოდი შესანიშნავად დაიწყო.

„ბარსელონა” მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა ინიციატივას, თუმცა გოლი მე-60 წუთამდე ვერ გაიტანა. ფრენკი დე იონგის დაბალი პასით ანგარიში ანტუან გრიზმანმა გახსნა. ცოტა ხნით ადრე, ფრანგმა შესანიშნავი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან.

სამი წუთის შემდეგ, შესანიშნავად მოთამაშე დე იოგმა თავად, თავით შეაგდო მეორე — მას ასისტენტობა ჯორდი ალბამ გაუწია.

თამაშის ყველაზე ლამაზი გოლი ლეო მესიმ გაიტანა. და ისევ დე იონგი — არგენტინელმა ბურთი ჰოლანდიელთან გაათამაშა.

და ბოლოს იყო მეოთხე გოლი, რომელიც კვლავ მესიმ გაიტანა, თუმცა ბასკთა მეკარე უნაი სიმონს, რომელმაც მანამდე გრიზმანსა და სერხიო ბუსკეტსს ჩინებულად აუღო, ამ ეპიზოდში უკეთაც შეეძლო თამაში. ეს ის უნაი სიმონია, რომელიც თბილისში ესპანეთის ნაკრების კარს იცავდა.

გრიზმანმა კიდევ ერთი გოლი შეაგდო მაგრამ VAR-მა არ ჩაუთვალა.

მატჩის შემდეგ მესიმ თქვა: „მე იმ გუნდის კაპიტანი ვარ, რომელშიც ნახევარი ცხოვრება გავატარე და ეს განსაკუთრებული გრძნობაა. ჩემთვის ამ თასის მოგებაც საგანგებო იყო. რა სამწუხაროა, გულშემატკივართან ერთად რომ ვერ ვზეიმობთ.

ეს სეზონი „ბარსელონასთვის” მძიმეა და ამიტომ, ამ შეჯიბრების მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ახლა ლა ლიგაში გამარჯვება უნდა ვცადოთ. მიმდინარე წელიწადი გარდამავალია. გუნდს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი შეემატა, რომელთაც გამოცდილება შეიძინეს”.

რაც შეეხება „ბილბაოს”, შაბათი საღამო ბასკთა გუნდისთვის ცუდი გამოდგა. გუნდმა უსახური ფეხბურთი ითამაშა, სხვათა შორის ისევე, როგორც ორი კვირის წინ, როდესაც „რეალ სოსიედადთან” ამავე თასის 2020 წლის გათამაშების ფინალში დამარცხდა.