საფრანგეთის ყველაზე ქართველმრავალმა კლუბმა – „ორიაკმა“ პრო დ2-ის 27-ე ტურში ლიგის აუტსაიდერ „ანგულემს“ უმასპინძლა და 33:21 დაამარცხა. ორიაკელები ამ მატჩამდე ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებოდნენ, ამ გამარჯვების შემდეგ კი გასავარდნ ზონას 4 ქულით დაშორდნენ.
აი, შალვა სუთიაშვილის,ზაურ თევდორაშვილისა და ლუკა გოგინავას „ანგულემმა“ კი ლიგიდან დაქვეითება ოფიციალურად გაიფორმა.
დამარცხებულ გუნდში ქართველთაგან მხოლოდ გოგინავამ ითამაშა, რომელიც შეცვლაზე პირველივე ტაიმში, 34-ე წუთზე შევიდა და ბოლომდე დარჩა.
მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში კი ერთბაშად სამი ჩვენებური გამოჩნდა, ვისაც მოგვიანებით კიდევ ორი დაემატა. ბურჯმა გიორგი ქართველიშვილმა, მხტომელმა გიორგი ჯავახიამ და ფლანკერმა ბექა საღინაძემ შეხვედრა პირველივე წუთიდან დაიწყეს. კვაჭი ლუკა ნიორაძე და მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე კი, თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთვნენ. მოვლენები მოულოდნელად განვითარდა – უკვე მე-8 წუთზე რეფერიმ ჯავახია უხეშობისთვის სინბინში მიაბრძანა. ტაიმის ბოლო წამებზე კი ბორჯღალოსანმა მეორეხაზელმა თავისი გუნდის მეორე ლელო გაიტანა და „ორიაკი“ საბოლოოდ დააწინაურა.
ეს იყო გიორგი ჯავახიას მეორე გაძევება და მეორე ლელო საფრანგეთის მიმდინარე პრო დ2-ში ჩატარებულ მე-15 მატჩში და მთლიანობაში, ეს სეზონი აშკარად საუკეთესოა 2-მეტრიანი მორაგბის კარიერაში. ფიზიკურად უმძლავრესმა მეორეხაზელმა ეროვნულ ნაკრებშიც მოახერხა დამკვიდრება და შემოდგომის ერთა თასზეც წარმატებით იასპარეზა.