პოლ პოგბამ ჟოზე მოურინიუ გააკრიტიკა, რაზეც „განსაკუთრებულმა” თქვა, ვერც კი წარმოიდგენთ მისი ნალაპარაკევი ჩემთვის რამდენად სულერთიაო. არადა პოგბამ ისეთი რამ თქვა, ბევრს გულს რომ ატკენდა — ჩემი ძველი თავკაცი ხშირად თავისი ფეხბურთელების წინააღმდეგ ილაშქრებდა, ახლანდელი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი კი ამას არასდროს იკადრებსო.

ფრანგმა მსოფლიოს ჩემპიონმა მისი და პორტუგალიელის ურთიერთობის სხვა დეტალებიც გაიხსენა. პოგბა და მოურინიუ „მანჩესტერ იუნაიტედში” ერთად 2016-18 წლებში იყვნენ.

2018 წელს, მოურინიუს და პოგბას ვარჯიშზე მოუვიდათ კონფლიქტი. მაშინ „განსაკუთრებულმა” ჩათვალა, რომ პოგბა „დერბისთან” თამაშის შემდეგ თავის თანაგუნდელ მცველებს დასცინოდა და გაბრაზდა.

პოგბამ თქვა, დღეს, ამდენი ხნის შემდეგ, ჩემი და მოურინიუს ურთიერთობის ახსნა ისევ ძნელიაო.

„მინდა გითხრათ, რომ საერთოდ არ მადარდებს, რა თქვა პოგბამ, — განაცხადა „ტოტენჰემ ჰოთსპურის” მწვრთნელმა „ევერტონთან” 2:2-ის შემდეგ, — უბრალოდ არ მაინტერესებს”.

პოგბამ კი „სქაი სპორტს” ასე უთხრა: „დღეს, ოლესთან სულ სხვა ურთიერთობა მაქვს. ის თავისი მოთამაშეების წინააღმდეგ არასდროს წავა. მოურინიუსა და მას შორის ის განსხვავებაა, რომ სულშერი თავის ფეხბურთელებს შეიძლება არ მოეფეროს, მაგრამ ისე არასდროს მოიქცევა, თითქოს ისინი არ არსებობენ.

მასთან ერთ დღეს რომ შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა, რასაც ყველა ხედავდა, მეორე დღეს ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. მას ახასიათებდა ძალიან უცნაური ქცევა, რომლის ახსნასაც ნუ მომთხოვთ, რადგან დღესაც კი არ მაქვს წარმოდგენა რატომ ხდებოდა ასე.

რას იზამ, ყველა მწვრთნელს თავისი სტილი აქვს, გუნდის წევრებსაც ყველა თავისებურად ექცევა და ფეხბურთელი ამას უნდა შეეგუოს”.

შემდეგ პოგბას ამასწინანდელი ამბავი შეახსენეს, მოურინიუმ სულშერზე რომ თქვა, საკუთარ შვილს საჭმელს თუ არ აჭმევს, ცუდი მამა ყოფილაო. პოგბამ უპასუხა:

„ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ჟოზე ისეთ რამეს იტყოდა, ხალხი რომ აელაპარაკებინა. ის შეხვედრა ჩვენ „ტოტენჰემს” მოვუგეთ. ჟოზემ წააგო და არ უნდოდა ხალხს მის წაგებაზე ელაპარაკა. ამიტომაც ამჯობინა ვიღაცის მამაზე გადაეტანა სიტყვა. ასეთია მოურინიუ. ის ჩვეულებრივ ასე იქცევა ხოლმე”.