ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ თუ „ბარსელონა” „ბილბაოს” ფინალში ვერ მოუგებს და „სამეფო თასს” ვერ აღმართავს, რონალდ კუმანს თანამდებობიდან მოხსნიან. თავად კუმანი, ასეთი ცნობების გამოჩენამ ძალიან გააკვირვა.

ჰოლანდიელმა „ბარსა” გასულ აგვისტოს, კლუბისთვის რთულ დროს ჩაიბარა, მაგრამ თასის ფინალში გაიყვანა და ლა ლიგაში ლიდერ „ატლეტიკოს” ორი ქულითღა ჩამორჩება. ამის მიუხედავად, კრიტიკოსები უკმაყოფილონი არიან. მათი ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია ის არის, რომ კუმანის ხელმძღვანელობით „ბლაუგრანა” დიდ თამაშებს აგებს. ასე მაგალითად, მიმდინარე სეზონში „ბარსელონამ” „რეალთან” ორივე „ელ კლასიკო” წააგო.

ფინალის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე კითხვამ მისი მომავლისა და ახლადარჩეული პრეზიდენტის ჟოან ლაპორტას მხარდაჭერის შესახებ კუმანი გააღიზიანა.

„ლაპორტას საჯარო მხარდაჭერა არ მჭირდება. ჩვენ ერთმანეთს შევხვდით და მან პირად საუბარში ნდობა გამომიცხადა. ხოლო, ყოველ ჯერზე, როდესაც ვიღაც რაღაცას დაწერს, კლუბის პრეზიდენტი არ არის ვალდებული გამოვიდეს და ჭორები გააბათილოს.

მეც თავადაც ვიცი სად ვმუშაობ. ვარ დიდ კლუბში, რომელსაც „ბარსელონა” ჰქვია და მიუხედავად რთული ფინანსური სიტუაციისა, ჯილდოები უნდა მოვიგო. აი, ეს არის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი. სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია.

სანამ „რეალთან” დავმარცხდებოდით, ზედიზედ 19 შეხვედრა გავიარეთ წაუგებლად და ახლა, ამის შემდეგ, ერთი თამაშის გამო ჩემი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება?

დღესაც, ფინალის წინ, კარგად ვიცი რა მოხდება იმ შემთხვევაშიც თუ მოვიგებთ და იმ შემთხვევაშიც თუ დავმარცხდებით. მე „ბარსელონას” მწვრთნელობას დავთანხმდი და ვიცი, რანაირი ზეწოლის გაძლებაც მომიწევს, მაგრამ ხანდახან უცნაურ რაღაცასაც გაიგებ კაცი”.