ვაჟა მარგველაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო | Live.geპორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში დაწყებულ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ჩვენებური პირველ წრეში ისვენებდა, შემდეგ კი, ესპანელი ადრიან ნიეტო ჩინარო, ბელარუსი დმიტრი მინკო და სერბ სტრაინია ბუნჩიჩი დაამარცხა და ფინალში ჭიდაობის უფლება მიიღო.

ოქროს მედლისთვის მარგველაშვილი იტალიელ მანუელ ლომბარდოს დაეჭიდა და მეორე წუთზე მეტოქის ილეთი გაეპარა.

60 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე თემურ ნოზაძე მეორე წრეში დამარცხდა და ევროპირველობას ნაადრევად დაემშვიდობა. ამ წონაში საფრანგეთის სახელით მოჭიდავე ლუკა მხეიძე ვერცხლის მედალს დასჯერდა, ხოლო რუსეთის სახელით გამომსვლელი იაგო აბულაძე – ბრინჯაოს.

მედლის შანსი ჰქონდა საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების წევრ ეთერ ლიპარტელიანს (57კგ), რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა კოსოვოელ ნორა ჯაკოვასთან წააგო.

ქართველმა ძიუდოისტმა საწყის წრეებში უკრაინელ მარია სიკორასა და გერმანელ იანა ციგლერს იპონებით აჯობა, მაგრამ მეოთხედფინალში ასევე იპონით ფრანგ სარა ლეონ სისკესთან წააგო. სანუგეშო რაუნდში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი ტიმნა ნელსონ ლევი შებოჭა და მედლისთვის ჭიდაობის უფლება მიიღო. იქ კი, როგორც გითხარით, წააგო.

ქალთა შორის 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მარიამ ჯანაშვილი და ტატიანა ლევიტსკა-შუკვანი ნაადრევად დამარცხდნენ.