„დულაქსი” არქიტექტურული საღებავების მსოფლიოში ცნობილი ფირმაა, რომლის თილისმაც ინგლისური მეცხვარე ძაღლი გახლავთ. და კიდევ, „დულაქსი” „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ახალი სპორნსორია — მხარეებმა პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების ამბავი სამშაბათს გაასაჯაროვეს, მაგრამ… თანამშრომლობა ღლაბუცით დაიწყო.

ტვიტერში, მავანმა იუზერმა „დულაქსს” მისწერა, თქვენი საღებავებით სავსე ვედროები თავისუფლად შეგიძლიათ „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ჯილდოების კარადაში შეინახოთ, რადგან მანდ ბევრი ცარიელი ადგილია, ეგენი კი მეტის მომგებები არ არიანო.

და, როგორ გგონიათ, რა უპასუხა ხუმარა გულშემატკივარს „დეზების” ახალმა სპონსორმა? ტვიტერში გამოფინა „სფურზის” ლოგოიანი ცარიელი კარადის ფოტო მინაწერით: „იყიდება გამოუყენებელი კარადა ჯილდოებისთვის”.

იყო სხვა ხუმრობაც. მეორე იუზერმა დაწერა: „ეტყობა, ჯილდოების დამტვერილი კარადის შეღებვას აპირებთ”. „დულაქსმა” ამაზეც ხუმრობით უპასუხა: „ნუ სულელობთ, მტვრიან ზედაპირზე საღებავის გადასმა არ შეიძლება”.

მესამემ, „დულაქსის” თილისმა-ძაღლი „სფურზის” განლაგების დაცვის ცენტრში ჩახატა — ამაზე უკეთ მაინც ვერ თამაშობენო.

ახლა, ყველა ეს ტვიტი წაშლილია.

„ტოტენჰემ ჰოთსპური” ინგლისის ჩემპიონი ბოლოს 1961 წელს იყო. ბოლო ჯილდო, რომელიც კლუბმა „დიდების დარბაზში” დადო, გახლავთ ლიგის თასი. „სფურზმა” ის 2008 წელს მოიგო.

პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში „ტოტენჰემ ჰოთსპური” მერვე ადგილზეა.