„რეალის” მწვრთნელის ზინედინ ზიდანის თქმით, „ლივერპულის” ბარიერის გადალახვის შემდეგ მადრიდელებს უფრო დიდი წარმატებები სწყურიათ.

„თეთრებმა” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური შეხვედრა ძირითადად კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვაში გაატარეს — პირველ მატჩში მიღწეული უპირატესობის (3:1) შენარჩუნებას ცდილობდნენ. მათ ეს შეძლეს — შეხვედრა დასრულდა 0:0. ამაში, ლომის წვლილი მადრიდელთა ბელგიელმა მეკარემ ტიბო კურტუამ შეიტანა.

ზინედინ ზიდანი: „ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა. ველოდით, რომ „ლივერპული” პირველი 15 წუთის განმავლობაში მთელი ძალებით შემოგვიტევდა და ამაში გასაკვირი არაფერია. ეს ხომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი იყო.

მთავარია, რომ საბოლოოდ გავიმარჯვეთ და ნახევარფინალში გავედით, რითაც ბედნიერები ვართ. ჩვენ ერთსულოვანნი ვართ. „რეალს” ყოველი გამარჯვების შემდეგ მეტი უნდა.

ამ სეზონში ჯერ არაფერი მოგვიგია, მაგრამ ორ შეჯიბრებაში ვიბრძვით ტიტულისთვის.

ახლა, ცოტა უნდა დავისვენოთ, თორემ „ჩელსისთან” შეხვედრამდე კიდევ გვაქვს მატჩები”.

გასული კვირა „რეალს” მართლა დამღლელი ჰქონდა — „ლივერპულთან” ორ შეხვედრას შორის ლა ლიგაში „ელ კლასიკო” (2:1) სენდვიჩივით იყო მოქცეული.