ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების გამარჯვებული „ბაიერნი” შეჯიბრებას გამოეთიშა — „პარი სენ ჟერმენს” მისთვის მიუნხენში 3:2 ჰქონდა მოგებული და, მართალია, პარიზში 0:1 წააგო, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში, ნახევარფინალში გავიდა.
მოკლე მიმოხილვა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, გერმანული „შპორტ ბილდიდანაა” ნასესხები. გერმანული ჟურნალი თავის საიტზე წერს, რომ ასეთი მწარე მარცხი „რეკორდმაისტერის” 56 წლის მწვრთნელ ჰანსი ფლიკს ჯერ არ უწვნევია.
საინტერესო ფორმულირება მოიგონეს გერმანელმა ჟურნალისტებმა. „ბაიერნმა” პარიზში მეხუთედ ითამაშა და პირველად არ დამარცხდა, მაგრამ ასე დამარცხებული ამ ქალაქიდან არასდროს წამოსულაო.
„შპორტ ბილდის” აზრით, დადგა დრო, როდესაც ბავარიელებმა მნიშვნელოვან ცვლილებაზე უნდა იფიქრონ. ამაში მწვრთნელის გამოცვლა იგულისხმება. უკვე ცნობილი გახდა, რომ „ბაიერნის” დირექტორატის წევრ ოლივერ კანს, ამ კვირაში, ჰანსი ფლიკთან შეხვედრა დაევალა. ყოფილი გოლკიპერი და გუნდის მოქმედი თავკაცი ორ საკითხს განიხილავენ: რამდენად ხიბლავს ფლიკს სამუშაოდ გერმანიის ნაკრებში გადასვლა, რაც, დიდი შანსია, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შესთავაზონ და შეძლებს თუ არა ის მოაგვაროს ურთიერთობა კლუბის სპორტულ დირექტორ ჰასან სალიჰამიჯიჩთან.
სანამ პარიზში ბურთი გაგორდებოდა, ჰანსი ფლიკმა მისი და სალიჰამიჯიჩის ურთიერთობაზე ასე თქვა: „მართალია, რომ ჩვენს შორის გაუგებრობები იყო. დღეს, ასეთი ურთიერთობა გვაქვს — ის თავის საქმეს აკეთებს, მე კი ჩემსას”.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, „შპორტ ბილდი” წერს, რომ „პარი სენ ჟერმენმა”, უფრო ზუსტად კი მისმა ფეხბურთელებმა, ნეიმარმა, ანხელ დი მარიამ და კილიან მბაპემ, შესანიშნავად ითამაშეს. ისინი აკეთებდნენ ჯადოსნურ ფინტებს და კარგად იყენებდნენ სისწრაფეს, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს.
რაც შეეხება „ბაიერნს”, მიუხედავად იმისა, რომ გოლების გატანა სჭირდებოდა, „რეკორდმაისტერმა” ვერ აჩვენა ის ფეხბურთი, რომლითაც პირველ, წაგებულ შეხვედრაში დაგვამახსოვრა თავი — ვერ უტევდა. პირველ მატჩში კარში დარტყმების რაოდენობა იყო 31:6 ბავარიელების სასარგებლოდ, საპასუხოში კი მართალია ერთი გოლი გაიტანეს და მოიგეს, მაგრამ… არ ეყოთ.
შეხვედრის გამორჩეული ფიგურა იყო ნეიმარი. 29 წლის ბრაზილიელმა მშვენივრად მოთამაშე მანუელ ნოიერს 27-ე წუთზე ვერ აჯობა. შემდეგ კი სულ ძელს და ხარიხას ურტყა ბურთი.
ნეიმარის მომენტების ვიდეოკრებულს ქვემოთ გთავაზობთ.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე კეილორ ნავასის კარში ერიკ ჩუპო მოტინგმა გაიტანა. ბავარიელებს მაინც შეეძლოთ სანატრელი მეორე გოლის გატანა. მათ ჰქონდათ ერთი, გამორჩევით მწვავე მომენტი, მაგრამ ამ ეპიზოდში ლეროი სანემ ვერ იყოჩაღა.