„ბაიერნში” სერიოზული საკითხი წამოიჭრა — ჰანსი ფლიკის მომავალი. ვითარებას 56 წლის მწვრთნელისა და 44 წლის სპორტული დირექტორის, ჰასან სალიჰამიჯიჩის ცუდი ურთიერთობა ამწვავებს. ამ ორ ადამიანს ერთად მუშაობა უჭირს და ბავარიულ კლუბში ამას ვეღარ მალავენ.
დიდი მიხვედრა არ უნდა, რომ გულშემატკივრის უმრავლესობა ფლიკის მხარესაა. გერმანული ფეხბურთის ვეტერანმა ლოთარ მათეუსმა „სქაის” საიტზე ბლოგი დაწერა, სადაც პირდაპირ თქვა, რომ „ბაიერნისთვის” ფლიკი გაცილებით მნიშვნელოვანი ფიგურაა, ვიდრე სალიჰამიჯიჩი.
მათეუსი: „გუნდი, რომელიც ნიკო კოვაჩის ხელში სრულ პოტენციალს ვერ ამჟღავნებდა, ფლიკმა უმოკლეს დროში მსოფლიოში უძლიერესად აქცია”.
ერთადერთი, რაშიც „ბაიერნისა” და „ინტერის” ყოფილი ფეხბურთელი „რეკორდმაისტერის” მწვრთნელს საყვედურობს, პრესკონფერენციებზე ქცევაა.
„ერთი კი უნდა ვუსაყვედურო ჩემს მეგობარს. ყოველი მნიშვნელოვანი კითხვის გაგონებაზე არ უნდა იძახო: „შემდეგ კითხვაზე გადადით!” ასეთი ქცევა არავის არგებს და არც მას მოუტანს სიკეთეს. ეს ფლიკს ცუდად ახასიათებს და მის პოზიციებს ასუსტებს,” — ამბობს მათეუსი.
მაგრამ, თუ ჰანს დიტერ ფლიკი „ბაიერნიდან” წავა, ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს მარტო სალიჰამიჯიჩთან ცუდი ურთიერთობის გამო მოხდება. აქ, მთავარი ის არის, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გერმანიის ნაკრების მწვრთნელის პოსტი თავისუფლდება.
მათეუსი ასე ფიქრობს: „მას „ბაიერნთან” კონტრაქტი აქვს და თუკი კლუბი არ გაუშვებს, ვალდებული იქნება, დარჩეს. მაგრამ, იმისთვის, რომ ადამიანი კლუბში გულით დარჩეს, მან იქ თავი კომფორტულად უნდა იგრძნოს. დღეს, ფლიკი „ბაიერნში” თავს კომფორტულად ვერ გრძნობს და ეს ვისი ბრალიც არის, ყველამ კარგად იცის”.