ერლინგ ჰოლანდი მოახლოებული სატრანსფერო სეზონის მთავარი გმირი რომ იქნება, ეს უკვე ფაქტია. 20 წლის ნორვეგიელის ყიდვას ბევრი მდიდარი კლუბი ცდილობს, მათ შორის არის „ბარსელონა”. ცხადია, თუ მოთამაშის გაყიდვას ვერ ასცდება, „დორტმუნდს” ფორვარდის სანაცვლოდ რაც შეიძლება დიდი თანხის მიღება მოუნდება, აგენტი მინო რაიოლა კი ცდილობს საქმე რამენაირად ისე გაკვაჭოს, რომ გერმანელების გარდა სხვებმაც იხეირონ. რასაკვირველია, ის უპირველეს ყოვლისა თავის ჯიბეზე ფიქრობს.

რაიოლა, რომელიც გახლავთ ისეთი ფეხბურთელების აგენტი, როგორებიც არიან პოლ პოგბა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მატეის დე ლიხტი და მარკო ვერატი, მარტის ბოლოს ბარსელონაში იყო. მას ახლდა ერლინგ ჰოლანდის მამა ალფ-ინგე. ისინი „ბარსას” პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას შეხვდნენ. კატალონიური პრესა წერს, რომ რაიოლამ და მამა-ჰოლნდმა „ბარსელონას” ფეხბურთელის ხელფასად წელიწადში 30 მილიონი, თავიანთთვის კი 20-20 მილიონი ევრო მოითხოვეს.

მაგრამ, როგორც ირკვევა, „დორტმუნდი” ჰოლანდის მარტო გაყიდვაზე არ ფიქრობს. გერმანულ კლუბს მისი დატოვებაც შესაძლო ვარიანტად მიაჩნია. ამიტომაც თქვა კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა, რომ „შავ-ყვითლებს” მომავალ სეზონში თავდამსხმელის დიდი იმედი აქვთ.

ცორკის პასუხად გერმანულ Sport1-ს რაიოლამ ასე უთხრა: „ვადასტურებ, რომ დორტმუნდში მოლაპარაკებებზე რამდენჯერმე ვიყავი. ცორკმა მართლაც მკაფიოდ გვითხრა, რომ კლუბი ამ ზაფხულს ერლინგის გაყიდვას არ აპირებს. მე, რასაკვირველია, მის აზრს პატივს ვცემ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვეთანხმები.

„დორტმუნდი” თავის ყველა შეხედულებას გასაგებად აყალიბებს, რის გამოც ჩვენსა და მას შორის არანაირი ომი არ არის. ჩვენ როგორც ცორკთან, ასევე ჰანს-იოაჰიმ ვაცკესთან და სხვებთან კვლავ კარგი ურთიერთობა გვაქვს”.

იტალიელის ამ პასუხიდან ჩანს, რომ მართალია, კლუბი თავისი ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს, მაგრამ ის „არ ეთანხმება”.

ერლინგ ჰოლანდს „დორტმუნდთან” 2024 წლამდე აქვს ხელშეკრულება, მაგრამ, როგორც ამბობენ, ამ ზაფხულს უნდა წასვლა. მიზეზიც გასაგებია: „დორტმუნდი” კარგად ვერ თამაშობს და შეიძლება ჩემპიონთა ლიგაში ვერ მოხვდეს.

„დორტმუნდი” ჰოლანდს 180 მილიონს აფასებს, თუმცა ამბობენ, რომ 150 მილიონამდე დააკლებს.