საქართველოს ძალოსანთა ნაკრები თბილისში დაბრუნდა. შეგახსენებთ, მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟ ძალოსანთა ნაკრებმა 7 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ქალთა ნაკრებიდან მედლის მოპოვება ანასტასია გოტფრიდმა (87 კგ) შეძლო. მან ატაცში 111 კილოგრამი ასწია და მცირე ოქროს მედალი დაისაკუთრა.
მოსკოვში საუკეთესო შედეგი ნაკრების ლიდერმა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) აჩვენა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა თავის უნიკალურ კოლექციას კიდევ ერთი ოქროს მედალი შემატა და კონტინენტის ჩემპიონი მეხუთედ გახდა.
ლაშა ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 485 კგ (ატაცი -222, აკვრა – 263 ) დაიმორჩილა და ატაცში ნაჩვენები შედეგით (222 კგ) ახალი მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. ტალახაძემ მოიგო ატაცში და აკვრაში გათამაშებული მცირე ოქროს მედლებიც.
მოსკოვში ორჭიდის ჯამში ჩემპიონი გახდა ანტონ პლესნოი (96 კგ ), ხოლო შოთა მიშველიძემ (61 კგ) და რევაზ დავითაძემ (89 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.