შაბათს მადრიდში, „რეალის” ბაზაზე გამართული „ელ კლასიკო” საინტერესო კუთხით მიმოიხილა კატალონიურმა გამოცემამ, „სპორტმა”. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რა ხდებოდა ვალდებებასის ბაზაზე, „ადლფრედო დი სტეფანოს” სახელობის პატარა სტადიონის ტრიბუნებზე და მოედნის კიდესთან. „სპორტი” წერს, რომ „რეალისა” და „ბარსელონას” შეხვედრა ამ სარბიელისთვის ზედმეტად დიდი მოვლენა იყო. შეგახსენებთ, რომ „რეალმა” მოიგო 2:1.

კატალონიური გაზეთი წერს, რომ პირველ ტაიმში თუკი ტრიბუნიდან ვინმეს ხმა ისმოდა, ეს სერხიო რამოსი იყო. ის, შერიფივით იქცეოდა, ყველაფერში ერეოდა და მარტო თანაგუნდელებს კი არა, „ბარსელონას” ფეხბურთელებსაც კი ხელმძღვანელობდაო. არ გაგიკვირდეთ, ლაპარაკია იმ ეპიზოდზე, როდესაც „რეალის” ერთ-ერთი მოთამაშე დაშავდა და რამოსმა ჟორდი ალბას დაუძახა: „ბურთი აუტში გადააგდე, ჟორდი”.

„სპორტის” ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ალბამ რამოსს დაუჯერა და ბურთი მართლაც გადააგდო აუტში, მაგრამ მეორე მხრივ ამაში გასაკვირი არაფერია. „რეალისა” და „ბარსას” ფეხბურთელები, ხომ ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ, ნაკრებში ერთად თამაშობენ და ელემენტარულად კოლეგები არიან.

კატალონიური გაზეთი აღნიშნავს, რომ რამოსი და მის გვერდით მჯდომი დანი კარვახალი მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში არ გაჩერებულან, თუმცა ზღვარსაც არ გადასულან. ერთადერთი, როდესაც მათ მსაჯზე ზემოქმედება სცადეს, იყო ეპიზოდი, როდესაც სერხიო ბუსკეტსთან ორთაბრძოლის დროს ლუკას ვასკესი დაშავდა და მოედნიდან გასაყვანი შეიქნა.

მეორე ტაიმში კი სურათი შეიცვალა. ეს იმან განაპირობა, რომ „ბარსელონა” უკეთ ათამაშდა. ყვირილში, თურმე, განსაკუთრებით ჟერარდ პიკე და რიკი პუჩი აქტიურობდნენ. ისინი კატალონიურად ამხნევებდნენ ოსკარ მინგუესას, რომელმაც „რეალს” გოლი გაუტანა. როდესაც მსაჯმა მოედნიდან კაზემირო გააგდო, ისინი ყვიროდნენ, რომ ბრაზილიელი დიდი ხნის გასაგდები იყო, ხოლო როდესაც „ბარსა” ფერლანდ მენდის მიერ ბრაიტვაითის წაქცევის დაფიქსირებას და პენალტს ითხოვდა, სტუმართა სათადარიგოებმა დიდი ხმაური ატეხეს.

ბოლოს, პიკე მოედანზე ჩავიდა და მსაჯს დაუწყო მტკიცება, რომ თამაშისთვის 4 კი არა 5 წუთი უნდა დაემატებინა.