„არსენალში” სკანდალი მწიფდება. მიკელ არტეტას ფეხბურთელების მზარდ უკმაყოფილებასთან უწევს გამკლავება. მოთამაშეებს არ მოსწონთ, რომ გუნდის პრობლემები მწვრთნელს კი არა, მათ ბრალდებათ.
წამყვანი ფეხბურთელები ფიქრობენ, რომ მათი ესპანელი თავკაცი კლუბში შექმნილ სურათს არასწორად ხატავს.
„სანმა” შეიტყო, რომ „არსენალში” არტეტას პოზიცია — მე კარგ ფეხბურთს ვქადაგებ, მაგრამ ისინი ჩემს იდეებს მოედანზე ხორცს ვერ ასხამენ — უსამართლოდ მიაჩნიათ. გაზეთი ამბობს, რომ ამას სხვა არაფერი ეწოდება თუ არა პირველი სერიოზული ბზარი იმ მშენებლობაში, რომელსაც ესპანელი 15 თვის წინ შეუდგა.
ფეხბურთელებს აინტერესებთ, რატომ არ იღებს ცუდ შედეგებზე პასუხისმგებლობას კაცი, რომელიც შარშან, ფეხბურთის ასოციაციის თასის მოგების შემდეგ, დიდი სიამოვნებით იღებდა მილოცვებს.
რჩება შთაბეჭდილება, რომ ყოველი ცუდი თამაშის შემდეგ არტეტა არჩევს ამა თუ იმ ლიდერს და უიღბლობას მას აბრალებს. ასე მაგალითად, მან ევროლიგაზე, პრაღის „სლავიას” წინააღმდეგ შეხვედრაში, სასტარტო შემადგენლობაში არ ათამაშა პიერ-ემერიკ ობამეიანგი, რომელიც „ლივერპულთან” 0:3 წაგებულ შეხვედრაში აითვალწუნა. არადა, იმ მატჩის მიმოხილვები რომ წაიკითხოთ, ექსპერტები ჩრდილოლონდონელთა მარცხის მიზეზად არასწორ ტაქტიკას ასახელებენ.
„სანი” წერს, რომ ობამეიანგი ერთადერთი არსენალელი არ არის, რომელსაც არტეტა ასე მოექცა.
დღეს, „არსენალი” შეფილდში თამაშობს.