ხესუს ხილ მანსანო

დღეს, მადრიდში, ვალდებებასში, „რეალის” ბაზაზე, ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე „ელ კლასიკოა”. ეს შეხვედრა ცნობილ მსაჯს მიგელ ანტონიო მატეუ ლაოსს უნდა ემსაჯა, მაგრამ ის დაშავდა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას არბიტრი შესაცვლელი გაუხდა.

მატეუ ლაოსი, რამდენიმე დღის წინ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „ბაიერნისა” და „პარი სენ ჟერმენის” მატჩს მოემსახურა. მადრიდში მას ხესუს ხილ მანსანო შეცვლის.

„სამსაჯო კომიტეტი იძულებული გახდა „რეალისა” და „ბარსელონას” მატჩზე მსაჯი შეეცვალა, ვინაიდან ანტონიო მატეუ ლაოსს კუნთი გაეჭიმა” — გაავრცელა ოფიციალური განცხადება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ.

კატალონიურ პრესაში, რომელიც მსაჯობის თემისადმი მგრძნობიარეა, ხელადვე მოიძიეს, რომ ხილ მანსანომ „ბარსელონას” მონაწილეობით ბოლო შეხვედრა იანვარში იმსაჯა. ეს გახლდათ ესპანეთის სუპერთასის ფინალი, სადაც „ბლაუგრანას” „ბილბაომ” მოუგო 3:2.

იმ შეხვედრის მიწურულს ხილ მანსანომ მოედნიდან გააძევა ლეო მესი და გახდა პირველი არბიტრი, რომელსაც წითელი ბარათი უჩვენებია როგორც მესისთვის, ასევე ლუის სუარესისთვის და ნეიმარისთვის.