No description available.საფრანგეთის პრო დ2-ის 26-ე ტურში ლუკა გოგინავამ სეზონში თავისი მეორე ლელო გაიტანა.

მისი, შალვა სუთიაშვულისა და ზაურ თევდორაშვილის „ანგულემმა“ „მონტობანს“ უმასპინძლა და 31:32 დამარცხდა, რამაც მხოლოდ მცირე სხვაობით მარცხისთვის ბონუს-ქულა მოუტანა. „ანგულემი“ ცხრილის ფსკერზეა და სამშვიდობო ზონას მთელი 8 ქულით ჩამორჩება, რაც გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე საკმაოდ დიდ დეფიციტად უნდა მივიჩნიოთ.

რაც შეეხება გოგინავას, 24 წლის ბურჯმა თავი მე-15 წუთზე გამოიჩინა და მთლიანობაში ის საკმაოდ სტაბილურ სეზონს ატარებს – ჩემპიონატის 26 ტურიდან 24-ში მიიღო მონაწილეობა და როგორც ზემოთ ითქვა, მეორე ლელოც მიითვალა.

ლუკა გოგინავა იმ 20-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, რომელმაც 2016 წელს პირველად ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე. იქ წარმატებული გამოსვლის შემდეგ ქართველი ბურჯი პარიზის „რასინგ-92“-ში აღმოჩნდა, სადაც ორი სეზონი გაატარა. მერე იყო ერთი სეზონი „ბრივში“, საიდანაც მარცხენა ბურჯმა „ანგულემს“ მიაშურა. ლუკა გოგინავა ამ კლუბში მეორე სეზონს ატარებს, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, რომ „ანგულემი“ მეორე ელიტურ ლიგას დაემშვიდობება და გოგინავას ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს – ლევან მაისაშვილმა ამას წინათ გოგინავა ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა და ამბიციურ მორაგბეს სამოყვარულო ლიგაში არაფერი ესქმება.