„მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცი ოლე გუნარ სულშერი, ევროლიგაში, „გრანადასთან” საპასუხო შეხვედრაში სამი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე იქნება. გუშინ, პირველ შეხვედრაში, რომელიც მანკუნიანელებმა სტუმრად 2:0 მოიგეს, ყვითელი ბარათები მიიღეს ცენტრალურმა მცველმა ჰარი მაგუაირმა, მარცხენა მცველმა ლუკ შოუმ და ნახევარმცველმა სკოტ მაკტომინეიმ.

გამოდის, რომ მომდევნო ხუთშაბათს, ნორვეგიელ მწვრთნელს დაცვაში დროებითი კრიზისის დაძლევა მოუწევს. ყველაზე ლოგიკური ვიქტორ ლინდელოფის მხარდამხარ ერიკ ბეილის თამაში იქნებოდა, მაგრამ კოტ დ’ივუარელმა სანაკრებო კვირაში კორონავირუსი აიკიდა და გუნდს გამოაკლდა.

გამოდის, რომ სულშერმა ყურადღება შეიძლება ალექს ტუანზებეზე შეაჩეროს, მაგრამ, კონგოელს გამოცდილება აკლია — მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთხელ ითამაშა.

განიხილავენ ფილ ჯონსის ვარიანტსაც, თუმცა გარისკვა ძნელია — ჯონსი 2020 წლის დეკემბრის შემდეგ არ ყოფილა მოედანზე, მუხლს მკურნალობდა და ბოლომდე მოირჩინა თუ არა, არავინ იცის.

არის ალტერნატიული ვარიანტებიც. მაგალითად, სულშერს შეუძლია განლაგება გადააწყოს, ანდა ნემანია მატიჩს ენდოს — თუმცა ეს მაკტომინეის არყოფნაში ცოტა რთული იქნება. შეიძლება დაცვის ცენტრში აარონ ვან-ბისაკას გამოყვანაც.

შოუს ადგილს კი ალბათ ალექს ტელესი დაიკავებს, რომელსაც „პორტუდან” „იუნაიტედში” გადასვლის შემდეგ ათასში ერთხელ უწევს მოედანზე გასვლა, თუმცა გრანადაში, მეორე ტაიმში, ათამაშეს.

მატჩის შემდეგ სულშერმა თქვა: „დღეს ჩვენთვის იდეალური საღამო არ იყო. მართალია, 2:0 კარგი ანგარიშია, მაგრამ სამი ისეთი ყვითელი ბარათი მივიღეთ, რომ ეს სამი ფეხბურთელი შემდეგ თამაშს გამოსტოვებს.

ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ ესპანეთში თამაში ძნელია. გოლის ავტორებმა, მარკუს რეშფორდმა და ბრუნო ფერნანდეშმა კი დიდი საქმე გააკეთეს”.