გერმანული პრესა თანხმდება, რომ ჩემპიონთა ლიგაში, „ბაიერნისა” და „პარი სენ ჟერმენის” პირველ მეოთხედფინალურ მატჩში, ბავარიელები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ კილიან მბაპესა და ნეიმარის მწვავე კონტრშეტევებს ვერაფერი მოუხერხეს და წააგეს – 2:3.

„ბაიერნის” ყოფილი ვარსკვლავი, გერმანიის ნაკრებში სარეკორდო 150 თამაშის მონაწილე ლოთარ მათეუსი თავისი ყოფილი გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა და განაცხადა, რომ ეს უკვე იმის ბრალია, რომ გუნდში ძლიერი მოთამაშეების ნაკლებობაა.

„სქაი ტვ”-ს ექსპერტმა თქვა: „ლევანდოვსკი ალბათ უყურებდა ამ საგოლე მომენტებს და შინ სავარძელი დაამტვრია. ბავარიელებს უამრავი შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ ისინი ხელიდან გაუშვეს. „ბაიერნი” დომინირებდა, პარიზელები კი ეფექტურები იყვნენ. და, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი იყო კილიან მბაპეს ფაქტორი. 22 წლის მბაპემ ერთხელაც დაამტკიცა, რომ მსოფლიო კლასის ფეხბურთელია”.

და მათეუსმა „რეკორდმაისტერის” მოკლე სკამზე გაამახვილა ყურადღება: „თუკი რამდენიმე ტრავმას ვერაფერს უხერხებ და დაშავებულ ფეხბურთელებს სხვა მოთამაშეებით სრულფასოვნად ვერ ცვლი, ესე იგი პრობლემა გაქვს”.

შეგახსენებთ, რომ ტრავმირებული რობერტ ლევანდოვსკის გარდა ბავარიელებს არ ჰყავდათ კოვიდინფიცირებული სერჟ გნაბრიც. ამას დაემატა ის, რომ „პარი სენ ჟერმენთან” შეხვედრის პირველ ტაიმში დაშავდნენ ლეონ გორეცკა და ნიკლას ზულე.

მათეუსს არ მოსწონს, რომ გასულ ზაფხულს ნაყიდი მოთამაშეებიდან პსჟ-ს წინააღმდეგ მხოლოდ ერიკ-მაქსიმ ჩუპო მოტინგმა ითამაშა და ისიც იმიტომ, რომ ლევანდოვსკი იყო დაშავებული.

„ბუნა სარი, მარკ როკა, დუგლას კოშტა…  ისინი ფაქტობრივად „ბაიერნის” მოთამაშეები არც კი არიან. პერიშიჩი და ტიაგოც გაუშვეს. ბავარიას მაღალი დონის ფეხბურთელების ნაკლებობა აქვს”.