„ბარსელონაში” კარგად იციან, რომ „დორტმუნდისგან” 20 წლის ერლინგ ჰოლანდის ყიდვა ძვირი დაუჯდებათ, მაგრამ ამდენ „დამატებით გადასახადს” ნამდვილად არ ელოდნენ.

კატალონიურმა რადიომ RAC 2-მა გაავრცელა ცნობა, რომ ჰოლანდის აგენტი მინო რაიოლა და მამა ალფ-ინგე, დამატებით 40 მილიონს ითხოვენ — თითო ოცს.

საკუთრივ ფეხბურთელს ხელფასად წელიწადში 30 მილიონი სჭირდება.

„შპორტ ბილდი” წერს, რომ ასეთი თანხის მოძიება „ბარსელონას” მხოლოდ ლეო მესის გაყიდვით შეუძლია.

საინტერესოა, რომ რაიოლას და მამა-ჰოლანდს კატალონიის დედაქალაქში ვიზიტის დროს, მესისთან დაკავშირებითაც წამოუყენებიათ მოთხოვნა: არგენტინელი „ბარსელონაში” უნდა დარჩესო. როგორც ჩანს, მათ ერლინგისთვის საუკეთესო პარტნიორი სჭირდებათ. ახალგაზრდა ნორვეგიელს ისედაც გოლი გოლზე გააქვს და მესის მხარდამახარ ალბათ ციდან ვარსკვლავებს მოწყვეტს.

როგორც ამბობენ, „ბარსელონას” შეფებს მამისა და აგენტის სიხარბისგან ყბა ჩამოუვარდათ, არადა რაიოლა „ბარსას” პრეზიდენტის ჟოან ლაპორტას მეგობრებად არის ცნობილი. ეტყობა, როდესაც საქმეში ფული ერევა, იქ მეგობრობა მართლაც მთავრდება.

„შპორტ ბილდი” ვარაუდობს, რომ კორონაკრიზისით დაზარალებული ბარსელონელები ამდენი ფულის გადახდის უფლებას თავს ვერ მისცემენ.

RAC 2-ის ინფორმაციას რაიოლამ ტვიტერით უკვე უპასუხა — ტყუილი სწრაფად ვრცელდება და შორს აღწევსო.

გასულ კვირას, კათოლიკური, პროტესტანტული და გრეგორიანული შობის წინა დღეებში რაიოლამ და მამა-ჰოლანდმა ბარსელონას გარდა მოიარეს მადრიდი და, სავარაუდოდ, ინგლისიც. ცხადია, საუბარი ყვეელგან ერლინგის ტრანსფერს ეხებოდა.