ჯუდ ბილინგემი

ინგლისურმა „სანმა” გამოაქვეყნა სტატია სათაურით „მსოფლიო ფეხბურთის საუკეთესო ვუნდერკინდები „მომავალი ნეიმარით” დაწყებული, „მანჩესტერ იუნაიტედის” სამიზნე გაბრიელ ვერონითა და ინგლისის იმედით, ჯუდ ბილინგემით დამთავრებული”. თავშივე ვიტყვით, ჩვენი აზრით ტაბლოიდი შეცდა, როდესაც თერთმეტ ამომავალ ვარსკვლავს შორის ხვიჩა კვარაცხელია არ დაასახელა.

თავად განსაჯეთ, ჩამონათვალში, სადაც „სანის” აზრით არიან ის ჭაბუკები, რომლებიც ხვალინდელ დღეს განსაზღვრავენ და ზოგი მათგანი ადრე თუ გვიან „ოქროს ბურთის” ლაურეატიც გახდება, წერია ბარსელონელი პედრი — მართლაც მშვენიერი ნახევარმცველი. კატალონიელებმა ის 2019 წელს „ლას პალმასისგან” 4 მილიონ გირვანქად იყიდეს. პედრი 18 წლისაა. აქა-იქ მას ახალ ინიესტას ეძახიან, რაც ინგლისური გაზეთის აზრით ჯერჯერობით გადაჭარბებულია, მაგრამ ფაქტია, რომ რონალდ კუმანის ხელში ის „ბარსას” ძირითადში თამაშობს და ლა ლიგაში უკვე 42-ჯერ გავიდა მოედანზე.

შემდეგ, „სანი” ხაზს უსვამს, რომ პედრი ესპანეთის ნაკრების თავკაცმა, ლუის ენრიკემაც შეამჩნია და „ლა როხას” ბოლო სამივე შეხვედრაში ათამაშა — საბერძნეთთან, საქართველოსთან და კოსოვოსთან. სწორედ აქ გვიჩნდება კითხვა: თუკი ინგლისელმა ჟურნალისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატის B ჯგუფის თამაშებს ასე დაკვირვებით მიადევნეს თვალი, რატომ ვერ შეამჩნიეს ქართველი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც იმავე ჯგუფში, ასეთსავე სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თან ორი გოლი გაიტანა, მათგან ერთი სწორედ ესპანეთის კარში?

თუმცა, გვწამს, რომ ქართველი ვუნდერკინდი საფეხბურთო წრეებს ჯერ კიდევ აალაპარაკებს. მანამდე კი ის ათი ამომავალი ვარსკვლავიც ჩამოვთვალოთ, რომლებიც „სანის” აზრით ხვალ-ზეგ შეიძლება „ოქროს ბურთის” ლაურეატები გახდნენ.

გაბრიელ ვერონი ბრაზილიელი ფეხბურთელია, 18 წლის, „პალმეირასიდან”, რომელსაც ზოგი ბოლტს ეძახის და ზოგი ახალ ნეიმარს. „პალმეირასმა” გამოსასყიდ თანხად 53 მილიონი ჩაუწერა.

18 წლის ედუარდო კამავინგა ფრანგია, „რენში” ვარჯიშობს. ჯანზეა, ტანადია და ნახევარდაცვაში ომობს. ამბობენ, რომ მისი გადაბირება „რეალს” და „ბაიერნს” აინტერესებთ. გამოსასყიდ თანხად კამავინგასთვის 50 მილიონი ჩაუწერიათ.

ჯუდ ბელინგემი 17 წლისაა. „დორტმუნდში” ყოფილა და „ბირმინგემ სიტიში” გადასულა. ცენტრალური ნახევარმცველია, რომელიც ჩაშლაშიც მაგარია და შეტევაშიცო. ინგლისელებს ბრაიან რობსონს აგონებთ.

18 წლის ჯამალ მუსიალამ ინგლისელები გააწბილა — გერმანიის ასაკობრივ ნაკრებში ამჯობინა თამაში. „ჩელსის” აკადემიის აღზრდილია, მაგრამ „ბაიერნს” ჰყავს.

იუსუფა მუკოკო 16 წლისაა, „დორტმუნდში” თამაშობს. პირველად ნოემბერში ერლინგ ჰოლანდის ნაცვლად შეიყვანეს 5 წუთით და დაფიქსირდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ვისაც ბუნდესლიგაში შეუდგამს ფეხი. თავდამსხმელია. სამწუხაროდ, დაშავდა და ახლა მკურნალობს.

ფლორიან ვირტცი 17 წლისაა. „ლევერკუზენშია”. შემტევი ნახევარმცველია. ბუნდესლიგაში უკვე ხუთი გოლი აქვს გატანილი. „ლივერპულში” გადასვლას ცოტა დააკლდა.

„სანდერლენდის” ყოფილი ფავორიტის კლუდიო რეინას 18 წლის შვილი ჯიო იგივე ჯოვანი რეინა. აშშ-ის ნაკრებში რამდენჯერმე უკვე ათამაშეს. სწრაფი ვინგერია, ბურთს კარგად აკონტროლებს. „დორტმუნდში” თამაშობს.

ანსუ ფატი 18 წლისაა. მართლაც შესანიშნავმა გარემარბმა სეზონის დასაწყისში „ბარსელონაში” გამოიჩინა თავი, ოთხჯერ ნაკრებშიც ათამაშეს, მაგრამ ნოემბერში, „ბეტისთან” შეხვედრაში მძიმედ დაშავდა.

რაიან გრევენბერხი ჰოლანდიელია, ახალ პატრიკ ვიეირას უწოდებენ, 18 წლისაა. 190 სანტიმეტრი სიმაღლის ნახევარმცველმა განსაკუთრებული ყურადღება ჩემპიონთა ლიგაში, „აიაქსისა” და „მიდტიულანდის” შეხვედრაში გატანილი გოლით მიიპყრო.

17 წლის რაიან შერკი კი „ლიონში” თამაშობს. სტილით კილიან მბაპეს ჰგავს. ამბობენ, მას „რეალი” და „მანჩესტერ იუნაიტედი” აკვირდებიანო. „ლიონში” უკვე ჩაატარა 22 შეხვედრა და 3 გოლი გაიტანა.