ოსმან დემბელემ „ბარსელონა” მნიშვნელოვანი ქულების დაკარგვას გადაარჩინა. ფრანგმა „ვალიადოლიდის” კარში 90-ე წუთზე გაიტანა გოლი, რომლის წყალობითაც „ბლაუგრანა” ლიდერ „ატლეტიკოს” ახლა უკვე ერთი ქულით ჩამორჩება. შემდეგ ტურში, მადრიდში, „ელ კლასიკოა” და ის ფრედაც რომ დამთავრდეს, გახდება თუ არა „ბარსა” ჩემპიონი, მაინც მის ხელში იქნება.
დემბელე მიმდინარე სეზონში კარგად თამაშობს. ალბათ შეიძლება ითქვას, რომ გაბრწყინების ისეთ წამს, როგორიც „ვალიადოლიდთან” შეხვედრის 90-ე წუთზე ჰქონდა, იმსახურებდა, თუმცა გუნდს კარგად არ უთამაშია. „ბარსას” გაუმართლა სამი ქულა რომ მოიპოვა— კატალონიური პრესა წერს, რომ ფეხბურთელები დუნედ თამაშობდნენ.
იყო ეპიზოდი, როდესაც ჯორდი ალბას საჯარიმოში ხელზე მოხვდა ბურთი და მსაჯმა ხაიმე ლატრემ მასპინძლები დაინდო. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ასეთ ეპიზოდებში არბიტრებს დაუნიშნავთ პენალტი და ყოფილა შემთხვევები, როდესაც არ დაუნიშნავთ — ეს წინადადებაც კატალონიელ ჟურნალისტს ეკუთვნის.
იყო მეორე მომენტიც, როდესაც ლატრემ „ვალიადოლიდს” ოსკარ პლანო გაუგდო მოედნიდან. ეს 79-ე წუთზე მოხდა. არ არის გამორიცხული სხვა მსაჯს პლანო დაენდო, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. და ისევ კატალონიურ პრესას დავესეხოთ: პლანო მორალურად იმსახურებდა გაძევებას, წესების თანახმად კი ალბათ არა.
ამის შემდეგ, „ბარსელონამ” კაცნაკლულ მეტოქეს ზეწოლა მოუწყო და ეფექტური გოლიც გაუტანა.
„ბარსას” ფრანგი მცველი კლემენტ ლენგლე: „ჩვენ რთულ მოწინააღმდეგეს ვეთამაშეთ, რომელმაც მოედანზე მთელი ძალ-ღონე დახარჯა. საბედნიეროდ, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.
დღევანდელმა თამაშმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ლა ლიგაში წარმატების მიღწევა რთულია და მის ყოველ შეხვედრაში დიდი ბრძოლაა საჭირო. ჩვენ გვქონდა საგოლე მომენტები და საბოლოოდ, ოსმანმა ისარგებლა კიდეც ერთი მათგანით. ჯერ კიდევ ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რადგან სეზონის დასრულებამდე გრძელი გზაა”.