მარკოს აკუნიას თავურმა „სევილიასა” და „ატლეტიკოს” შეხვედრაში გამარჯვება (1:0) სევილიელებს მოუტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანეთის ჩემპიონატში ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.

ლა ლიგის ცხრილში „ატლეტიკოს” ძველი უპირატესობა გაილია. მადრიდელებს თანაქალაქელი „რეალი” და „ბარსელონა” წამოეწიენ. „რეალს” 29 თამაშის შემდეგ 63 ქულა აქვს, „ბარსელონას” კი 28 თამაშიდან – 62. „ატლეტიკო” 29 თამაშიდან 66 ქულით ცხრილის სათავეშია.

„მატრასის მკერავების” კაპიტანი კოკე: „ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ არის. სანამ „სევილია” გოლს გაგვიტანდა, მეტოქემ ხელით ითამაშა. თან, იმ ეპიზოდში მსაჯს სევილიელისთვის მეორე ყვითელი უნდა ამოეღო.

ყველაფერს ერთად ვებრძვით, მაგრამ მაინც ცხრილის სათავეში ვართ და ჩვენი ბედი ჩვენსავე ხელშია”.

„ბარსელონა” დღეს ხვდება „ვალიადოლიდს” და თუ მოიგებს, „ატლეტიკომდე” ერთი ქულაღა დარჩება.

კატალონიაში იციან, რომ თუკი ათივე შეხვედრას მოიგებენ — მათ შორის კი არის „ელ კლასიკო” და უშუალო დაპირისპირება „ატლეტიკოსთან” — ჩემპიონები გახდებიან.

ამავე ლოგიკით, „ატლეტიკოსაც” შეუძლია ჩემპიონის ტიტულის მოგება, თუ „ბარსასთან” არ წააგებს და კიდევ რვა შეხვედრას მოიგებს. ოღონდ, ამისათვის, დიეგო სიმეონეს გუნდმა ისევ ისე უნდა ითამაშოს, როგორც სეზონის პირველ 19 ტურში, როდესაც ბადალი არ ჰყავდა.

ესპანეთის ჩემპიონატის შუაწელში „ატლეტიკოს” 57 შესაძლებლიდან 50 ქულა ჰქონდა და ერთ დღეს, როდესაც „კადისს” 4:2 მოუგო, „რეალს” და „ბარსელონას” 10 ქულით უსწრებდა — თან თამაშიც აკლდა.

მაგრამ, „კადისთან” ხსენებული თამაშის შემდეგ „მატრასების მკერავებმა” შესაძლებლობების განიავებას მიჰყვეს ხელი და ბოლო 10 შეხვედრაში 14 ქულა დაკარგეს.

ამავე პერიოდში, „ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგიდან „ჩელსიმ” გააგდო.

„სევილიასთან” წაგების შემდეგ დიეგო სიმეონემ თქვა: „პირველ ტაიმში მოვლენები ისე არ წარიმართა, როგორც ჩვენ გვინდოდა (მიუხედავად იმისა, რომ მათმა მეკარე იან ობლაკმა პენალტი მოიგერია). მეორე ტაიმში უკვე ჩვენ ვჯობდით მეტოქეს, მაგრამ „სევილიამ” მაინც დამსახურებულად გაიმარჯვა. საქმე თავად გავირთულეთ”.

„ატლეტიკოს” ლიდერობის განმტკიცების კარგი შანსი აქვს შემდეგ ტურში, როდესაც ის „ეიბარს” მასპინძლობს, „რეალი” და „ბარსა” კი მადრიდში ხვდებიან ერთმანეთს.