ნეიმარი მოედნიდან გააძევეს. „პარი სენ ჟერმენი” შინ დამარცხდა „ლილთან” (0:1) და გამარჯვებულს ცხრილში ლიდერობა დაუთმო.

ბრაზილიელმა ვარსკვლავმა პირველი ყვითელი ბარათი 48-ე წუთზე მიიღო, 90-ე წუთზე კი 20 წლის პორტუგალიელ მეტოქეს, ტიაგო ჯალოს ხელი ჰკრა, აუტის ხაზს გადაღმა გადავარდნილი ბურთის აღების საშუალება არ მისცა და მეორე ყვითლითაც დაისაჯა.

ეს გახლდათ ნეიმარის მესამე გაძევება საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო 14 შეხვედრაში.

ამასობაში კი ცნობილი გახდა, რომ ნეიმარი „პარი სენ ჟერმენთან” ახალი კონტრაქტის გაფორმებას აღარ ჩქარობს, რადგან შეიტყო, რომ ლეო მესი შეიძლება „ბარსელონაში” დარჩეს და „კამპ ნოუზე” დაბრუნების იმედი გაუჩნდა.

კატალონიური გაზეთი „არა” წერს, რომ 29 წლის ნეიმარმა „ბარსას” შეატყობინა კიდეც, დაბრუნება მინდა და იქნებ ეს საქმე რამენაირად მოვახერხოთო.

არადა, ამ დღეებში „ბარსელონა” ყურადღების ცენტრში 20 წლის ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებით მოექცა. ვის ამჯობინებენ ჟოან ლაპორტა და მისი კონსულტანტები, ნეიმარს თუ ჰოლანდს ზაფხულში გამოჩნდება. ასაკი ჰოლანდის სასარგებლოდ არის, მესის მხარდამხარ თამაშის გამოცდილება — ნეიმარის, ფასი კი მოლაპარაკების საგანია.