გუშინ, ესპანეთში, 2020 წლის სამეფო თასის მფლობელი გამოვლინდა. ეს გახლავთ ბასკეთის „რეალ სოსიედადი”, რომელმაც ბასკეთისვე „ბილბაოს” მოუგო 1:0 და 34 წლიანი ლოდინის შემდეგ, ჯილდო მოიპოვა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი მიკელ ოიარსაბალმა პენალტით გაიტანა.

სან სებასტიანის გუნდმა ესპანეთის თასი ბოლოს 1987 წელს მოიგო. იმ პერიოდში „რეალ სოსიედადი” ძლიერი გუნდი იყო, 80-იანების პირველ ნახევარში ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, მაგრამ შემდეგ სულ ხელმოცარული რჩებოდა.

რაც შეეხება „ბილბაოს”, მას ორ კვირაში სამეფო თასის მოპოვების კიდევ ერთი შანსი მიეცემა — ეს უკვე 2021 წლის ფინალში მოხდება, სადაც ბასკები კატალონიელთა სიამაყეს, „ბარსელონას” შეხვდებიან.

ადვილი მისახვედრია, რატომ აირია კალენდარი და რატომ მიება 2020 და 2021 წლების ფინალები ერთმანეთს — ასეთი გახლავთ კორონაპანდემიის ბოროტი ხუმრობა.

ესპანეთში მსაჯის ყოველ გადაწყვეტილებას მტკივნეულად აღიქვამენ. ასე მოხდა ამჯერადაც, როდესაც ზემოთ ნახსენებ პენალტს წინ VAR-ის ხანგრძლივი გარჩევა უძღოდა. ქვემოთ, ვიდეოჩანაწერში ნახავთ, რომ არბიტრის თავდაპირველი გადაწყვეტილება ასეთი იყო: მან თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა და პორტუს წაქცევისთვის ინიაკი მარტინესს წითელი ბარათი ამოუღო, მაგრამ შემდეგ, როდესაც ეპიზოდი მონიტორზე ნახა, მსაჯმა წითელი ყვითლით შეცვალა.

პენალტი კი პენალტად დარჩა და ოიარსაბალმა, რომელმაც თერთმეტი მეტრიდან „ბარსელონასთან” შეხვედრაში ვერ გაიტანა, ამჯერად შანსი ხელიდან არ გაუშვა.

„ბილბაომ” გადაჯგუფება და ანგარიშის გათანაბრება სცადა, მაგრამ მეტოქის კართან სერიოზული ხიფათის შექმნა ვერ შეძლო.

ამრიგად, გუშინ, სან სებასტიანში ზეიმობდნენ, 100 კილომეტრით მოშორებულ ბილბაოში კი მოწყენილობა სუფევდა.