მიკელ არტეტამ „არსენალის” ფანებს ბოდიში მოუხადა. მწვრთნელმა თქვა, რომ ის ვერაფრით ხვდება, რატომ ვერ გადააბეს მისმა ფეხბურთელებმა სამი პასი ერთმანეთს.
არტეტა „ლივერპულთან” 0:3 წაგებამ გააბრაზა. მისი აზრით, ხუთშაბათს, ევროლიგაში, პრაღის „სლავიასთან” „არსენალმა” უნდა აჩვენოს, რომ „ყვერებიანი გუნდია” (არტეტას სიტყვებია), რადგან ეს შეიძლება სეზონის გარდამტეხი მატჩი გამოდგეს.
მართალია, „მეთოფეებს” მერსისაიდელების წინააღმდეგ კლუბის ისტორიაში სამი უძვირესი ფეხბურთელი, ალექსანდრე ლაკაზეტი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი და ნიკოლა პეპე, ერთად ჰყავდათ მოედანზე (რაც ამ სეზონში პირველად მოხდა), მაგრამ ისინი მაინც უსახურად თამაშობდნენ. არადა, ხსენებული ტრიო ჯამში 174,5 გირვანქა ღირს.
„არსენალს” აკლდნენ ემილ სმით როუ და ბუკაიო საკა, რომელთა გარეშე გუნდი მწვავედ ვერ უტევდა.
არტეტა: „ლივერპულმა” სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა. შესაძლოა, უფრო დიდი ანგარიშიც კი ალალი ყოფილიყო მათზე. მეტოქემ ყველაფერში გვაჯობა.
ჩვენ კი ფანებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ. მე პირადად ვუხდი ბოდიშს იმისთვის, რასაც ჩემი ფეხბურთელები მოედანზე აკეთებდნენ. ყველაფერზე პასუხიმგებელი ვარ.
თავსაც ვერაფრით გავიმართლებ. ვერ ვიტყვი, რომ ხუთი-ექვსი წამყვანი ფეხბურთელი არ გვყავდა. საერთოდ, ვერ ვიტან თავის მართლებას. „არსენალი” გაცილებით მაღალი კლასის ფეხბურთს უნდა თამაშობდეს და ეს ჩემი მოვალეობაა”.
ლივერპულელთაგან ორი გოლი დიოგო ჯოტამ გაიტანა, ხოლო ერთი მო სალაჰმა.