ზოგი ჭირი მარგებელი რომ არის, ასე მოსდის ესპანურ „ბილბაოს“. გუნდს შანსი აქვს, ორ კვირაში ესპანეთის თასი ორჯერ მოიგოს. 3 აპრილს გაიმართება 2020 წლის გათამაშების ფინალი, რომელიც პანდემიის გამო გადაიდო და ამ შეხვედრაში „ბილბაოს“ მეტოქე „სოსიედადი“ იქნება. აქედან ორი კვირის თავზე ბილბაოელებს უკვე 2021 წლის თასის ფინალი ელით და ამჯერად მათი გამომცდელი „ბარსელონა“ იქნება.
ზოგადად „ბილბაო“ სათასო გუნდი უფროა – ესპანეთის 23 თასი ამის დასტურია, მაგრამ ბილბაოელების ბოლო ტრიუმფი 1984 წლით თარიღდება.
