ჯესი ლინგარდი გარეთ საუთგეიტის 23-კაციან სიაში იმკვიდრებს ადგილს. შემტევი ნახევარმცველი, რომელმაც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და გუნდთან ერთად ნახევარფინალამდე იარა, ახლა ისევ გამოჩნდა „არსაიდან” და ევრო 2021-ზე გასამგზავრებლად დიდი კონკურენცია გააჩაღა.

მოგეხსენებათ, ლინგარდი „მანჩესტერ იუნაიტედმა” დაიწუნა და იჯარით „ვესტ ჰემს” დაუთმო, სადაც 28 წლის ინგლისელი ისე ათამაშდა, რომ საუთგეიტმა ეროვნულ გუნდში უხმო და სამივე საგაზაფხულო შეხვედრაში ათამაშა.

თავიდან საუთგეიტი ამბობდა, რომ ლინგარდს გაუმართლა, რადგან ჯეკ გრილიში, ჯეიდონ სანჩო, ჯეიმს მედისონი და ჰარვი ბარნსი დაშავდნენ და მისთვის ნაკრების კარი მხოლოდ ამიტომ გაიღო, მაგრამ შემდეგ, გარემარბის თამაში ისე მოეწონა, რომ ახლა ფიქრობს ვინ გამოხშიროს, ადგილი რომ გაუთავისუფლოს. ამასთან, მწვრთნელი ერთხელაც დარწმუნდა, რომ თანაგუნდელებს ჯესი ლინგარდი უყვართ და მის კამპანიაში ყოფნა სიამოვნებთ ანუ მისი ყოფნა გუნდური სულისკვეთებისთვის სასარგებლოა.

ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ გრილიში ან სანჩო ნაკრების მიღმა დარჩენის საშიშროების წინაშე დგანან.

საინტერესოა, რომ გარეთ საუთგეიტს ფეხბურთელების ერთი ნაწილისთვის უკვე უთქვამს, რომ მათ ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანს. არადა, საბოლოო გადაწყვეტილებამდე ორი თვეა დარჩენილი.

საუთგეიტი: „ზოგ ფეხბურთელს უკვე ველაპარაკე რომ სცოდნოდა, რომელ ნავში ზის. ყველას უნდა ესმოდეს, რას ველი მისგან დღეიდან სეზონის ბოლომდე. რასაკვირველია, გუნდში მოხვედრასთან სხვებიც ახლოს არიან. გარედან შეიძლება ყველაფერი განსხვავებულად ჩანდეს, მაგრამ როდესაც ვარჯიშები კარგად ტარდება, მოთამაშეები ერთმანეთს ამხნევებენ და აგულიანებენ, გუნდში სწორედ ის ატმოსფერო იქმნება, რომელიც ჩვენ გვჭირდება.

რასაკვირველია, ყველაფერი მხოლოდ ურთიერთობებით არ შემოიფარგლება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მოთამაშეები სათადარიგოთა სკამზე სხდებიან და საერთო საქმეში ამ პოზიციიდან იღებენ მონაწილეობას. მარტო მოედანზე გატარებული წუთების რაოდენობა არ წყვეტს საქმეს. მეგობრულ კოლექტივს დიდი მნიშვნელობა აქვს და სამი თამაშიდან 9 ქულა სწორედ ამის წყალობით მოვიპოვეთ”.

შემდეგ, გარეთ საუთგეიტმა თქვა, რომ მისი გუნდზე დადებითად იმოქმედა პოლონეთის ნაკრებთან 2:1 გამარჯვებამ:

„ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ გუნდურ სულისკვეთებაზე, ვგეგმავთ ერთობლივ ვახშმებს და საღამოებს, მაგრამ ყველაფერზე მთავარი მნიშვნელოვან მატჩებში გამარჯვებაა”.