ესპანეთის ნაკრებმა კოსოვოს 3:1 მოუგო. ეს გახლდათ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის B ჯგუფის შესარჩევი მატჩი, რომელიც საქართველოსა და საბერძნეთის გუნდების შეხვედრის (1:1) პარალელურად სევილიაში გაიმართა. „ლა როხას” გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა, ამიტომ მთავარი ყურადღება საკუთრივ მატჩის მიმდინარეობამ კი არა, იმ ამბავმა მიიპყრო, რომ ლუის ენრიკემ სერხიო რამოსი მხოლოდ ბოლო 5 წუთით ათამაშა.

ესპანეთის ნაკრებს საქართველოს მსგავსად ერთ კვირაში სამი შეხვედრის ჩატარება მოუხდა და ამ მატჩებში რამოსმა ბერძნებთან პირველი 45, კოსოვოსთან კი ბოლო 5 წუთი ითამაშა. თბილისში ის მოედანზე არ შესულა.

კოსოვოსთან მოედანზე ფეხის შედგმა იმას ნიშნავს, რომ „რეალისა” და „ლა როხას” კაპიტანს ეროვნულ გუნდში უკვე 180 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

„თავს კარგად ვგრძნობ. მოედანზე ბოლო 5 წუთით შესვლა ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა. ასე სურდა მწვრთნელს, — თქვა 35 წლის ვეტერანმა, — მთავარი გუნდის წარმატებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა იყო. მე ერთი რიგითი ფეხბურთელი ვარ. სასტარტო შემადგენლობაში რომ მეთამაშა მოხარული ვიქნებოდი, მაგრამ რამაც მომიწია, იმითაც კმაყოფილი ვარ”.

ლუის ენრიკე: „სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით მარტივად არის ვიდრე თქვენ გგონიათ. რამოსის დამოკიდებულება სამაგალითოა. ლიდერის მოედანზე შესვლა შეხვედრის ნებისმიერ მონაკვეთში მნიშვნელოვანია. სერხიო თავს კარგად გრძნობს, მაგრამ არცთუ დიდი ხნის წინ ტრავმა ჰქონდა და თანდათანობით უბრუნდება საუკეთესო კონდიციას”.

სერხიო რამოსი ზედიზედ ორჯერ, თბილისსა და სევილიაში არ იყო ესპანეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში. ასეთი რამ 2005 წლის შემდეგ არ მომხდარა.