ზაგრებში…

დანი ოლმომ კვირას, თბილისში, ესპანეთის ნაკრებს სამი ქულა მოუტანა. ქართველი გულშემატკივრის სამწუხაროდ, მან მატჩის ბოლოს, მსაჯის მეორე წამატებულ წუთზე, შორიდან დაარტყა და „ლა როხას” გამარჯვების გოლი გაიტანა. ამ წარმატებამ, ოლმოს მიმართ ინტერესი საქართველოში კი არა, თავად ესპანეთშიც გააღვივა, რადგან… სამშობლოში მისი თამაში დიდად არ უნახავთ.

საქმე ის არის, რომ ოლმო 22 წლისაა, ქვეყნიდან კი 2014 წელს, 16 წლისა წავიდა. და, როგორ ფიქრობთ, საიდან სად გადავიდა? „ბარსელონადან” ზაგრების „დინამოში”. 2020 წლის შემდეგ კი ოლმო „ლაიფციგის” ფეხბურთელია.

ვინმე იფიქრებს, ალბათ „ბარსაში” არ ვარგოდა და ხორვატიაში იმიტომ გაიქცაო. არა, ბატონო. დანი ოლმო „ლა მასიას” ლეგენდარულ ბავშვთა აკადემიაში თავისი ასაკის გუნდის კაპიტანი გახლდათ და ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებშიც გამოდიოდა.

შეგახსენებთ: „ლა მასია” ის აკადემიაა, ლეო მესი, ჩავი, ანდრეს ინიესტა, ჟერარდ პიკე, თავად პეპ გვარდიოლა, სესკ ფაბრეგასი და მსოფლიო ფეხბურთის სხვა ვარსკვლავები რომ აღზარდა.

წლების შემდგ, დანის მამამ, მიქელ ოლმომ, რომელიც დაბალ დონეზე თავადაც აგორებდა ბურთს, „გარდიანს” ასე უამბო:

„გიჟი ხარო, მეუბნებოდნენ. გამანადგურეს. შვილს კარიერას უნგრევო. „ბარსელონადან” წასვლა, მითუმეტეს, როდესაც კაპიტანი ხარ და ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებში გათამაშებენ, ადვილი საქმე არ არის. ეს, ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო”.

მაგრამ, ეს გამოდგა გადაწყვეტილება, რომელმაც გაამართლა, რადგან იმ ეპოქაში, როდესაც „ბარსას” ნახევარდაცვაში ჩავი, ინიესტა და სერხიო ბუსკეტსი თამაშობდნენ, ძირითად შემადგენლობაში გზის გაკვლელას როგორც ჩანს შემოვლა სჯობდა.

ზაგრების „დინამოში” 16 წლის ოლმომ უკვე ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. ყმაწვილკაცმა, ხორვატიაში, პროფესიონალებთან ჭიდილში ოსტატობა აიმაღლა, ხოლო 19 წლის ასაკიდან ევროტურნირების შეხვედრა არ გამოუტოვებია.

2020 წელს დანი ოლმომ კარიერაში კიდევ ერთი ლოგიკური ნაბიჯი გადადგა — ბუნდესლიგის „ლაიფციგში” გადავიდა, ეს კლუბი კი ახალგაზრდა ფეხბურთელების ყიდვითა და ტოპ-დონემდე გაზრდით არის ცნობილი. სხვა სიტყვებით, იაფად ყიდულობს, ასწავლის და ძვირად ჰყიდის.

სწორედ „ლაიფციგში” გადასვლის შემდეგ გაახსენდათ ოლმო სამშობლოში. უფრო ზუსტად, ეს მაშინ მოხდა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების მეოთხედფინალში, ლისაბონში, ერთმანეთს „ლაიფციგი” და „ატლეტიკო” გადაეყარნენ. თამაში გერმანულმა გუნდმა მოიგო 2:1 და მადრიდელებს პირველი გოლი სწორედ დანი ოლმომ (იხ. ვიდეო) გაუტანა.

ზემოთ ვთქვით, რომ ესპანელებს ოლმო „ატლეტიკოს” კარში გატანილმა გოლმა გაახსენა. აქ უნდა ითქვას, რომ ნაკრებში მას უკვე იწვევდნენ, ოღონდ… გულშემატკივარი დიდად არ აქცევდა ყურადღებას. დანი ოლმომ დიდ ნაკრებში პირველად 2019 წელს ითამაშა — მალტის ნაკრებს 7 გოლიდან (7:0) ერთი გაუტანა, მაგრამ ეს დიდ წარმატებად არავინ ჩაუთვალა.

ახლა კი, უკვე სხვა სურათია: თბილისში ოლმომ თავისი მეათე სანაკრებო შეხვედრა ჩაატარა და მას ყველა ესპანური ფეხბურთის ხვალინდელ დღედ მიიჩნევს.