სერბეთ – პორტუგალიის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის მესამე დამატებულ წუთზე, როცა ანგარიში 2:2 იყო, სტუმართა კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ მეტოქის საჯარიმოს გარედან დაარტყა, ბურთმა კარის ხაზი ლამის ნახევარი მეტრით გადაკვეთა, მაგრამ მსაჯმა გოლი არ ჩათვალა.
აღშფოთებულმა კრიშტიანუმ კაპიტნის სამკლავური მოიძრო, მოისროლა და მოედანი ისე დატოვა, რისთვისაც ყვითელი ბარათიც მიიღო.
მოგვიანებით ეს სამკლავური „ცრვენა ზვეზდას“ სტადიონის ერთ-ერთმა მუშამ იპოვნა და შინ წაიღო. ახლა ის ნივთის აუქციონზე გაყიდვას ცდილობს პორტალ Limundo-ს მეშვეობით. შემოსული თანხა ექვსი თვის კრაგუევაცელი გავრილო ჯურჯევიჩის მკურნალობას მოხმარდება, რომელსაც ზურგის კუნთები ჰქონია ატროფირებული. საწყისი ფასი 3 ათასი ევროა.