დღეს სერხიო რამოსი 35 წლის გახდა და ესპანეთის ნაკრების ბიჭებთან ერთად დღეობას მშობლიურ ქალაქ სევილიაში აღნიშნავს.

მართლმადიდებელთაგან განსხვავებით, 2021 წელს, კათოლიკები ვნების კვირას ამ დღეებში აღნიშნავენ, ვინაიდან აღდგომა მათ და პროტესტანტებს 4 აპრილს აქვთ, ეს კი იმიტომ ვახსენეთ, რომ ვნების კვირას რამოსის სანაკრებო კარიერაში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა.

2005 წელს, სწორედ ვნების კვირა იყო, როდესაც მან „ლა როხას” შემადგენლობაში პირველად ითამაშა. ახლა კი მას 179 სანაკრებო შეხვედრა აქვს ჩატარებული. კვირას, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თბილისში რომ ეთამაშა, მონაგარს 180 შეხვედრამდე „დინამო არენაზე” დაამრგვალებდა, მაგრამ ბედმა და მწვრთნელმა ლუის ენრიკემ სხვანაირად განსაჯეს და კაპიტანს ასმეოთხმოცე შეხვედრა ხვალ, სევილიაში, კოსოვოს წინააღმდეგ მოუწევს.

ზემოთ 2005 წელი ვახსენეთ. სერხიო რამოსი ჯერ კიდევ მშობლიური ქალაქის მოსახელე გუნდში თამაშობდა, როდესაც 19 წლის ყმაწვილი ლუის არაგონესმა ჩინეთთან ამხანაგურ შეხვედრაში ათამაშა. იმ დღეს მან კარლეს პუიოლი შეცვალა. რამდენიმე დღის შემდეგ კი რამოსმა ბელგრადში მარჯვენა მცველის პოზიციაზე უკვე სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.

სერხიო რამოსი გახლდათ 2008-12 წლების, ესპანელთათვის ფენომენალური პერიოდის განუყოფელი ნაწილი, როდესაც „ლა როხამ” ორჯერ, თავსა და ბოლოში, ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, შუაში კი სენდვიჩივით მსოფლიოს თასი მოაქცია.

საბერძნეთის ნაკრებთან შეხვედრაში რამოსისთვის დაიწყო მე-17 წელიწადი, რაც ის ნაკრების შემადგენლობაშია. ესპანეთის ეროვნულ გუნდს ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ მეკარეები რიკარდო ზამორა (1920-1936; 46 შეხვედრა) და იკერ კასილიასი (2000-2016; 167 შეხვედრა) ემსახურნენ.

პაკო ხენტო და ჩავი კი „ლა როხაში” 15 წელი თამაშობდნენ.

თუ სერხიო რამოსი კოსოვოსთან 180-ე სანაკრებო შეხვედრას ჩაატარებს, ეგვიპტელი აჰმედ ჰასანის რეკორდამდე 4 შეხვედრაღა დააკლდება.

ზაფხულში, „ლა როხას” კაპიტანი ევროპის მეოთხე ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ამ ტურნირებზე მას უკვე აქვს 15 შეხვედრა ჩატარებული. თანამემამულეთაგან, რამოსს 16 მატჩით მხოლოდ ანდრეს ინიესტა და სესკ ფაბრეგასი სჯობიან.

რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატებს, რამოსს კასილიასის მსგავსად 17 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და თუ გაისად ყატარში ჩავა, ყოფილი თანაგუნდელის რეკორდსაც მოხსნის.