თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე”, ფიფას 2022 წლის ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის B ჯგუფის შეხვედრაში, დანი ოლმომ მეორე ტაიმის ბოლოს, მეორე წამატებულ წუთზე გატანილი გოლით ესპანეთის ნაკრებს საქართველოსთან დრამატული გამარჯვება მოუტანა.

სანამ ოლმო გაიტანდა და იმედს გადაარჩენდა, ესპანეთი შესარჩევ ციკლში ზედიზედ მეორე 1:1-კენ მიდიოდა. ანგარიში პირველი ტაიმის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე ქართველებმა გახსნეს, შემდეგ ანგარიში ფერან ტორესმა გაათანაბრა, რასაც ოლმოს დამაგვირგვინებელი გმირობა მოჰყვა.

სამი ქულის მიუხედავად, ესპანეთის ნაკრებმა ითამაშა ფეხბურთი, რომელიც ლუის ენრიკესა და შესარჩევი შეჯიბრების ბოლომდე მისი მიდგომებზე კითხვებს აჩენს.

ლუის ენრიკემ სასტარტო შემადგენლობაში შემდეგი აღსანიშნავი ცვლილებები განახორციელა: თავდასხმაში ათამაშა ახალგაზრდა ბრაიან ხილი, ნახევარდაცვაში პედრი და დაცვის მარცხენა ფრთაზე ჯორდი ალბა, ხოლო ვეტერანი სერხიო რამოსი სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

პირველი მომენტი სტუმარმა ფერან ტორესმა შექმნა, მაგრამ გუნდი, რომელსაც კუთხურიდან ანგარიშის გახსნამდე ცოტა დააკლდა, საქართველო იყო. ამ ეპიზოდში ბრწყინვალე რეაქცია გამოამჟღავნა ესპანეთის ნაკრების მეკარემ უნაი სიმონმა.

საქართველო კონტრშეტევების დროს ესპანეთს ძალიან არაკომფოტულ მდგომარეობაში აყენებდა, მითუფრო, რომ ამ შეტევებს თან გულშემატკივრის შეზღუდული რაოდენობის გუგუნი ერთვოდა.

მოედნის კიდესთან ჩანდა ლუის ენრიკეს შეწუხებული ფიგურა, რომელმაც კიდევ უფრო საგანგაშო იერი მაშინ მიიღო, როდესაც პირველი ტაიმის მიწურულს საქართველოს შეტევა ხვიჩა კვარაცხელიას ქირურგიული სიზუსტის დარტყმით დასრულდა და მასპინძლები დაწინაურდნენ, 1:0.

შესვენებისას, ლუის ენრიკემ ორი ფეხბურთელი შეცვალა: დიეგო ლორენტეს ნაცვლად ინიგო მარტინესი, ბრაიან ხილის ნაცვლად კი დანი ოლმო შეიყვანა. გარკვეული დროის შემდეგ ამას მოჰყვა კიდევ ერთი ცვლილება, ფაბიან რუისის მაგივრად მოედანზე ტიაგო შევიდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ესპანეთი აშკარად უკეთ თამაშობდა და მალევე გაათანაბრა ანგარიში — 1:1. მარცხენა ფრთიდან ბურთი ჯორდი ალბამ ჩააწოდა, მას ვერ შეწვდა ალვარო მორატა, მაგრამ ადგილზე აღმოჩნდა ფერან ტორესი, რომელმაც ის კაში შეაგდო.

იმ პერიოდისთვის, როდესაც მატჩი ბოლო ნახევარ საათში გადავიდა, თამაში დანის პირზე მიმდინარეობდა. ესპანეთი კვლავ ფლობდა უპირატესობას, მაგრამ მარცხენა ფრთიდან ბრწყინვალე კვარაცხელიას ხიფათს უფრთხოდა.

აქ, ესპანეთის ნაკრების ასტურიელი მწვრთნელი სათადარიგოებს მიუბრუნდა და სერხიო ბუსკეტსის მაგივრად მიკელ ოიარსაბალი შეიყვანა. ესპანეთი განაგრძობდა მიწოლას იმ იმედით, რომ შეხვედრის მიწურულს საქართველოს დაცვას გასაღებს მოარგებდა.

ბოლო წუთებში მოედანზე მარტო ესპანეთი ჩანდა. გუნდის მონდომებამ მსაჯის წამატებულ წუთზე ნაყოფიც გამოიღო, როდესაც ოლმომ შორიდან დაარტყა. ბურთი მეკარე გიორგი ლორიას თითებს შეეხო, კარში შევარდა და ესპანეთის ნაკრებს დრამატული გამარჯვება მოუტანა.

არჩ ბელი, „მარკა”