გთავაზობთ, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შესარჩევი შეხვედრის მიმოხილვის ფრაგმენტს. ეს მიმოხილვა ესპანურ გაზეთ AS-ს ეკუთვნის და ჩვენ მისი ის მონაკვეთი გადმოვაქართულეთ, რომელიც საქართველოს ნაკრებს ეხება.
„…პირველი უსიამოვნება დასაწყისშივე მე-6 წუთზე მოხდა, როდესაც დიეგო ლორენტემ ყვითელი ბარათი მიიღო. კვარაცხელიასთან ერთი-ერთზე დარჩენილმა, მეტოქის გასაჩერებლად ბლოკირების ხერხს მიმართა. კლდესავით იდგა კანკავა, რომელსაც საქართველოს გუნდი ეყრდნობა. ამჯერად, მას მეწყვილედ გვილია ჰყავდა და ისინი წარმოადგენდნენ ორ ბურჯს, რომლებზე აწყობილი გუნდიც არ უნდა დაშლილიყო. გვილია, კაკაბაძე, კიტეიშვილი და ზივზივაძე იყვნენ სანიოლის ახალი სახეები, რომლებსაც შვედეთში მწვრთნელის დებიუტის დღეს, სასტარტო შემადგენლობაში არ უთამაშიათ.
მალე, კვარაცხელიამ კიდევ ერთ მეტოქეს მიაღებინა ყვითელი ბარათი. ამჯერად ეს გახლდათ პორო. მიმდინარეობდა შეხვედრის სულ რაღაც მე-12 წუთი და ყაზანის „რუბინის” მარგალიტს თავისი სიტყვა უკვე ნათქვამი ჰქონდა. მაგრამ, სპოილერისთვის ბოდიში და ერთი ხნის შემდეგ უარესი მოხდა. თუმცა, მანამდე, დაახლოებით 15 ათასმა გულშემატკივარმა ნახა, როგორ მოიგერია სიმონმა კაშიას თავური, რომელიც მან კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს დაარტყა.
…შემდეგ ქართველებმა განახორციელეს კონტრშეტევა და კვარაცხელიამ გოლი გაიტანა. მან იოლად შეასრულა ის, რასაც მანამდე მოედნის მეორე ბოლოში მისი მეტოქეები წვალებით ცდილობდნენ. მიიღო საჯარიმოს მისადგომებთან, მარჯვენათი გაისწორა და მარცხენათი დაარტყა. აქ, სიმონი ვერაფერს გახდებოდა.
კვარაცხელიამ, მოუქნელობა ერთადერთხელ გამოამჟღავნა, როდესაც გოლი ისეთი მონდომებით იზეიმა, რომ კამერას დაეჯახა, რომელიც მისი მსხვილი პლანით გადაღებას ცდილობდა”.