როგორც გაზეთი AS წერს, ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ლუის ენრიკე თბილისში ყველაფრით უკმაყოფილო დარჩა — იმითაც, რაც მოედანზე ნახა და იმითაც, რას მის მიღმა იყო.

23-ე წუთზე, ბურთი მოედნის გარეთ, მძლეოსნობის ბილიკზე გადავარდა, „აუტჩიკები” კი არსად იყვნენ — ასე დაიწყო საყვედურები. ბურთის მომწოდებელი ბიჭების არყოფნა თვალშისაცემი იყოო, წერს გაზეთი. ლუის ენრიკეს თავისი ტექნიკური ზონა დაუტოვებია, მეოთხე მსაჯთან მისულა, მისი სკამის ქვემოდან ბურთი გამოუძრია და მოედანზე გადაუგდია. ამის შემდეგ, სანამ ადგილს დაუბრუნდებოდა, იმ მეოთხე მსაჯისთვის რაღაც უთქვამს.

AS წერს, რომ ესპანეთის ნაკრების თავკაცი, სავარაუდოდ, ბურთებს დაიწუნებდა. ამის შესახებ მან პრეს-კონფერენციაზეც ილაპარაკაო.

„ბურთები კურდღლებივით დახტოდნენ”, — ბრძანა „ბარსელონას” ყოფილმა თავკაცმა და დასძინა, რომ „დინამო არენაზე” მოედანი სავალალო დღეში იყო.

ლუის ენრიკეს უთქვამს, რომ მისი მოთამააშეების გაუბედაობასთან ერთად, ესპანეთის ნაკრებს საქართველოს საჯარიმოსთან მისვლაში ხელს უხარისხო ბურთები და მოედანი უშლიდა.

ენრიკე: „ზოგი ბურთი დაჩუტული იყო. სულ კი ექვსი ბურთით ვთამაშობდით. ამიტომ, როდესაც ის აუტში გადადიოდა, ახლის მოტანაზე დიდი დრო იკარგებოდა”.

გაზეთმა დაწერა, რომ ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ეს საყვედური ტაქტიანად თქვა, ცრემლები არ მოუდენია და არც „აუტჩიკების” ნაკლებობაზე გაუმახვილებია მეტად ყურადღება. არადა, „დინამო არენაზე” მოედანი მძლეოსნობის ბილიკით არის გარშემორტყმული და ასეთ ადგილებში ბურთის დროულად მოტანისთვის ბევრი ბიჭუნაა საჭირო.

AS წერს: მწვრთნელმა იცის, რომ მეტოქეები თავიანთ წილ ეშმაკობებს მიმართავენ, მაგრამ მეტოქის უხარისხო მინდორზე მასპინძლობა და სათამაშოდ ჩაფუშული ბურთების გამოტანა, ფეხბურთის წესებს ეწინააღმდეგება და „ფეარ ფლეის” არღვევს.