39 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი ხუთწლიანი პაუზის შემდეგ სანაკრებო ფეხბურთს დაუბრუნდა. ეს, შვედეთისა და საქართველოს შესარჩევ შეხვედრაში მოხდა. იმავე დღეს, RTL-ზე სატელევიზიო ექსპერტის რანგში დებიუტი ჰქონდა 69 წლის ული ჰიონესს, რომელმაც თვითგამოცხადებული ღმერთის შესახებ ილაპარაკა:
„ის დიდი ფეხბურთელია, მაგრამ ხელფასსაც დიდს ითხოვს. ღმერთი ვარო და შესაბამისი გასამრჯელო უნდა. ერთხელ, „ბაიერნში”, მისი ყიდვით დავინტერესდით, მაგრამ ლაპარაკი დასაწყისშივე შეწყდა. ძირითად თემამდე ვერც კი მივედით”.
ჰიონესს არ უთქვამს, როდის უნდოდა გერმანიის „რეკორდმაისტერს” შვედი თავდამსხმელის ყიდვა, მაგრამ „შპორტ ბილდი” წერს, რომ ბავარიელთა ერთ-ერთმა თანამშრომელმა ამ საკითხზე ადრე ილაპარაკა.
„ბაიერნს” იბრაჰიმოვიჩის ყიდვა 2001 წელს სდომებია, როდესაც 20 წლის თავდამსხმელი ჯერ კიდევ „მალმიოში” თამაშობდა.
„ბაიერნის” თანამშრომელი, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, გახლავთ ბიორნ ანდერსონი, რომელიც მიუნხენის კლუბისთვის სკანდინავიაზე მოთამაშეებს ეძებდა. მან თქვა: „იბრაჰიმოვიჩის თაობაზე ჰასე ბიორგს („მალმიოს” იმდროინდელი სპორტული დირექტორი) დავუკავშირდით, მაგრამ ისეთი პასუხი მივიღეთ, რომ „ბაიერნმა” კატეგორიულად განაცხადა, ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელებში ამდენს არ ვიხდითო”.
იმავე 2001 წელს იყო ამხანაგური მატჩი, „მალმიოსა” და „მიოლდეს” შორის, რომელშიც იბრაჰიმოვიჩმა ბურთით მთელი მოედანი გაირბინა და გოლი გაიტანა. მაშინ, „ბაიერნმა”, როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ სცადა ფორვარდის გადაბირება, მაგრამ კვლავ დიდძალი ფული მოსთხოვეს.
მას შემდეგ, შვედმა თავდამსხმელმა 8 კლუბი მოიარა, მათგან „მილანში” ორჯერ იყო.





